მიუხედავად ამისა, ექსპერტების განცხადებით, ბრიტანეთში ინფიცირების შემთხვევები იმდენად სწრაფად იზრდება, შემთხვევების მომატება თავის მხრივ მაინც გაზრდის იმ პაციენტების რაოდენობას, ვისაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა განუვითარდებათ, რაც თავის მხრივ ჯანდაცვის რგოლების გადატვირთვის საფრთხეს გააჩენს.
ორგანიზაციის თქმით, ომიკრონის შტამი დელტასთან შედარებით 90%-ით ნაკლებად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ის უფრო გადამდებია ვიდრე დელტა შტამი, რაც მომდევნო კვირებში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
ამასთან, სააგენტოს თქმით, პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინის დაცვა ომიკრონის შემთხვევებში ბუსტერ დოზიდან 10 კვირაში მცირდება, შესაბამისად, შესაძლოა ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთების საჭიროება დადგეს. The Guardian აღნიშნავს, რომ კვლევის პირველადი მონაცემების მიხედვით, დელტასთან შედარებით, ომიკრონის შემთხვევაში ბუსტერის დაცვა ინექციიდან 10 კვირაში 15-25%-ით მცირდება.
ბრიტანეთის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის კომიტეტმა, რომელმაც ქვეყანაში ვაქცინის მეოთხე დოზის ადმინისტრირების საჭიროება უნდა განსაზღვროს უკვე სწავლობს დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს. გამოცემა წერს, რომ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ვაქცინების განახლება იმგვარად, რომ პრეპარატი მეტად იყოს მორგებული ომიკრონის ვარიანტზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინგლისში შემთხვევების 76% უკვე ომიკრონის შტამითაა გამოწვეული. ამასთან, ამ ვარიანტის ყველაზე მაღალი გავრცელება ლონდონშია (90.2%), მას მოსდევს ინგლისის აღმოსავლეთ რეგიონები (80%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ახალი შტამის გავრცელებისთვის ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთში (56.8%) და იორკშირშია (71%).
“ნეტგაზეთი”