“ვეგდე მიწაზე, სისხლი მომდიოდა, შეშინებული თვალებით ვეხვეწებოდი დამხმარებოდნენ…” – ლადო აფხაზავა

ლადო აფხაზავას ემოციური პოსტი გულგრილს არავის დატოვებს. ის ბავშვობისდროინდელ ამბავს ყვება:

,,პატარობისას მოულოდნელად წავიქეცი და ძალიან ვიტკინე ფეხი. ბევრი თანასოფლელი მოგროვდა და ექიმების მოსაყვანად გაეშურნენ. რამდენიმე უფროსი გაჰყვიროდა, ხელი არ ახლოთ, სანამ ექიმი არ მოვაო. ექიმზე მეტად იმ დროს ადამიანური სითბო მჭირდებოდა, ხელში აყვანა, თანაგრძნობა, მაგრამ ვეგდე მიწაზე, სისხლი მომდიოდა, შეშინებული ვერ ვსაუბრობდი და თვალებით ვეხვეწებოდი იქ მყოფებს, დამხმარებოდნენ. ყველა იმას გაიძახოდა, ჰაერი მიეცით, გაიწიეთო.
ძალიან მინდოდა, ვინმე ახლოს მოსულიყო და თავზე მაინც გადაესვა ხელი ჩემთვის. დედა იქ არ იყო, მაგრამ ვინმეს მისი მაგივრობა მინდოდა, გაეწია. უცებ თვალი მოვკარი, როგორ მორბოდა ჩემკენ ერთი ბიჭი. ეს ჩემი ზურიკო იყო, ჩემი თანაკლასელი, რომელიც არავის დაემორჩილა, მომვარდა, ხელი მომხვია და წამომაჯინა. მან მაისური გაიძრო და სისხლიც მომწმინდა. ნახევარი საათის შემდეგ ექიმები მოვიდნენ.
ახლა ვხდები, რომ იმ წუთებს ვერ გავუძლებდი, რომ არა ჩემი ერთგული მეგობარი.
ბევრი ჩვენგანი სწორედ ისეთ მდგომარეობაშია ახლა, როგორშიც მე ვიყავი, მხოლოდ ყურადღება და ხელის წამოშველება რომ მჭირდებოდა. დისტანცია დავიცვათო, იმას არ ნიშნავს, რომ სულიც გავიყინოთ და ხელი არ შევაშველოთ ერთმანეთს.
 კეთილმა ადამიანებმა ჩემი მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და საკვების შესაძენად თანხები ჩაგვირიცხეს. პროდუქტების საყიდლად ჩემი კოლეგებიც წავიყვანე, 76 ოჯახის ჭიშკარი შევაღეთ. ჩემს თანამშრომლებს თვალები უბრწყინავდათ. ახლა უკვე ისინიც არ ჩერდებიან: კერკეტი კაკლები დაამტვრიეს, თაფლი ქილებში გადაანაწილეს, რომ მოსწავლეებს საახალწლო ნუგბარი დაუმზადონ.
დღეს ზურიკოს საფლავზე ვიყავი და ამდენი წლის შემდეგ გადავუხადე მადლობა იმ დახმარებისთვის. ვიცი, ეს არც სჭირდებოდა. ის ბედნიერი იყო იმით, რაც მაშინ ჩაიდინა.გთხოვთ ყველას, ბედნიერები გახდეთ..
ჰოდა, დაამტვრიეთ კერკეტი კაკლები, ქილები – თაფლით, ხოლო გული სიკეთით აივსეთ და ნახავთ, როგორ თავისთავად მოვა ბედნიერება”.