“ფილიპის თვალებში დანახული ეშმაკური ციმციმი ენატრება – ძალიან განიცდის და მუდამ მის უკან მდგომ, მომღიმარ ფილიპს ეძებს”.
აპრილის თვეში, სამეფო ოჯახში ტრაგედია მოხდა – ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ მეუღლე დაკარგა. ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის გარდაცვალებას მთელი ბრიტანეთი და მსოფლიო გლოვობდა, ბუკინგემის სასახლეს კიდევ ერთი კეთილშობილი და თბილი ადამიანი გამოაკლდა. ტრაგედიიდან თვეები გავიდა, ფოტოებიდან და ვიდეოებიდან კი ჩანს, რომ ელისაბედი ამ დანაკარგის დამალვას ცდილობს, თუმცა, ძალიან განიცდის და მუდამ მის უკან მდგომ, მომღიმარ ფილიპს ეძებს, დედოფალს მეუღლე ენატრება.
ახალი წელი და შობა ბუკინგემის სასახლეშიც მოვიდა. როგორც წესი, ამ დროს, დედოფალი მთელ ბრიტანეთს ჯერ შობას, შემდეგ კი, ახალ წელს ულოცავს ხოლმე, 95 წლის მონარქმა წელს საშობაო მილოცვა მარტომ, ფილიპის გარეშე ჩაწერა. 25 დეკემბერს, დედოფალმა ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, დიდ დანაკარგზე პირველად ისაუბრა. სამეფო წესების თანახმად, გლოვის დღეს ცერემონიაზე ტირილი ყველა სამეფო ოჯახის წევრს ეკრძალება, ამის გამო, დედოფალი გაკიცხეს და სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ მეუღლის გარდაცვალება დედოფლისთვის არც ისე მტკივნეული აღმოჩნდა, თუმცა 25 დეკემბერს წარმოთქმულმა სიტყვამ ბრიტანეთის ჟურნალ-გაზეთები სხვანაირად აალაპარაკა.
ელისაბედ მეორემ შობისთვის პატარა გზავნილი გაავრცელა და საზოგადოებისთვის ჩაწერილ მილოცვაში ფილიპზეც ისაუბრა. დედოფალმა საუბრისას თქვა, რომ ფილიპის თვალებში დანახული ეშმაკური ციმციმი ენატრება. ელისაბედის წლევანდელი მილოცვა უჩვეულო აღმოჩნდა, 95 წლის მონარქმა პირველად ემოციურად გადმოსცა მისთვის სათუთი და დამალული განცდები.
„მიუხედავად იმისა, რომ შობა ბევრისთვის ბედნიერების მომტანია, ეს დღესასწაული შეიძლება რთული იყოს მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“ – თქვა დედოფალმა სიტყვით გამოსვლის დროს.
წელს, 73 წლის შემდეგ, ელისაბედი შობას პირველად შეხვდა ფილიპის გარეშე, მარტოობის სევდა კი მის სიტყვებში იგრძნობოდა.
„მისი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და შესაძლებლობა, გართობილიყო ნებისმიერ სიტუაციაში, მუდამ შეუზღუდავი იყო. მინდა, პატივი მივაგო ჩემს საყვარელ ფილიპს“ – თქვა ელისაბედმა.
„მისი ბოლო ეშმაკური ციმციმი თვალებში ისეთივე კაშკაშა იყო, როგორც პირველად შეხვედრის დროს, როდესაც ჩვენ პირველად გავიცანით ერთმანეთი“.
ელისაბედმა ემოციური გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფილიპის სურვილი იყო, შობა მის გარეშეც ისეთივე მხიარული ყოფილიყო, როგორც ადრე. დაპირების თანახმად, მათთვის წელს შობა ძველებურად კარგი იქნებოდა, მიუხედავად “ნაცნობი სიცილის“ არარსებობისა.
დედოფალი მილოცვის დროს ულამაზეს ოთახში იჯდა, მაგიდაზე კი მისი და ფილიპის ძველი ფოტო ედო. ფოტოზე ელისაბედი და ფილიპი ხელი-ხელ ჩაკიდებულები იდნენ. დედოფალს კისერზე 1947 წელს ფილიპის ნაჩუქარი საფირონის ყელსაბამი ეკეთა, ბოლოს ელისაბედმა ეს სამკაული თაფლობის თვეში მოირგო. დედოფლის საუბრის დროს ეკრანზე მისი და პრინცის ფოტოები ჩანდა. ამ პატარა ჟესტმა 25 დეკემბრის საშობაო მილოცვას ემოციური ელფერი შესძინა, დედოფალმა კი თითქმის ნახევარწლიანი დუმილის შემდეგ, სიყვარულზე ლაპარაკი შეძლო.
ელისაბედისა და ფილიპის სიყვარულზე აქამდეც ბევრი დაწერილა. ჯერ კიდევ, 1947 წელს წყვილის ერთად ყოფნა სამეფო ოჯახებმა გადაწყვიტეს, ნიშნობის თარიღი კალენდარში მონიშნეს და 1948 წელს ელისაბედი ფილიპს ცოლად გაჰყვა. ხისტი ხასიათის პრინცესას გაცნობიდან მალევე შეუყვარდა მომხიბვლელი და სიმპათიური პრინცი. როგორც ბრიტანული გამოცემები წერდნენ, იმ დროს ფილიპი სასურველი პარტნიორების სიაში ეწერა.
სამეფო წყვილის ქორწილი თაფლობის თვით გაგრძელდა, ელისაბედი და ფილიპი მალტას ესტუმრნენ და სწორედ მაშინ აჩუქა პრინცმა მომავალ დედოფალს საფირონის ყელსაბამი, რომელიც ელისაბედმა 73 წლიანი ქორწინების დასასრულს, ფილიპს გარეშე ჩაწერილ პირველ მილოცვაში მოირგო. ელისაბედის გაცნობამ პრინცის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა, ფილიპს ნამდვილად გაგიჟებით უყვარდა ელისაბედი, თუმცა მის რჩდილქვეშ ცხოვრება უწევდა. ფილიპმა ელისაბედის დედოფლად კურთხევის შემდეგ, თავის სურვილებზე სამუდმოდ თქვა უარი, დაკარგა საზღვაო ლეიტენანტის წოდება და წლების მერე, ეს გადაწყვეტილება ძალიან ინანა. პრინცს ზღვა უყვარდა, ენატრებოდა და ენანებოდა უმისოდ ყოფნა და ამას ყველა ამჩნდევდა.
ერთხელ, ფილიპს ჰკითხეს იყო თუ არა მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დედოფალზე ზრუნვა, მან კი დაუფიქრებლად უპასუხა – რა თქმა უნდა. ჩრდილში მყოფი ფილიპე, დედოფლის გამო, თითქმის ყველაფერს თმობდა. ჰერცოგი ლიდერი არ იყო, ლიდერობა შეეძლო, მაგრამ ამ გზას დედოფალს უთმობდა, ალბათ იცოდა, ელისაბედი ასე თავს უკეთ იგრძნობდა და 73 წლის შემდეგ, 2021 წლის 25 დეკემბერს დედოფალმა აღიარა, რომ ფილიპი ენატრება და მისი თვალების ეშმაკური ციმციმი მას და მთელს სასახლეს ძალიან დააკლდა.
წყარო: itv.ge