თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კვლავ გააქტიურდა ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე და თემურ ალასანიას ცნობილი ფრაზა – „სულ მალე ჟვანია ხელს ვეღარ შეგვიშლის“. მართლაც, 20 დღეში ჟვანია დაიღუპა.
For.ge წლების წინაც წერდა, რომ ჟვანიას მკვლელობის მთავარ მოტივად თბილისის აეროპორტის პრივატიზაციის პროცესი სახელდებოდა, რომელიც სჭირდებოდა ერიკ გუდისს, რომელიც თემურ ალასანიას პარტნიორი იყო, გუდისის მამა კი ამიერკავკასიის „ვაენნი ოკრუგის“ უფროსი იყო. ჟვანია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ პირის მიერ აეროპორტის შესყიდვას და ერიკ გუდისმაც ჟვანიაზე გაბრაზებულმა დატოვა საქართველო…
როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, 2005 წელი ჟვანიასთვის რთული გამოდგა. ის ფიქრობდა, ხომ არ დავანებო თავი ყველაფერს და საცხოვრებლად აშშ-ში ხომ არ წავიდეთო.
რა სიახლეს უნდა ველოდოთ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით?
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ზურაბ ჟვანიას თემის ირგვლივ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, რადგან ჟვანიას საქმე, პრაქტიკულად, გაჩერებულია, გამოძიება არ მიმდინარეობს და დღეს უკვე ჟვანიას თემის ხელახლა წამოწევა რას მოგვიტანს, არავინ იცის.
„პროკურატურას თუ აქვს რაიმე ხელჩასაჭიდი სამხილი, შეუძლია, ეს საქმე გააცოცხლოს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე რაიმე მნიშვნელოვანი სიტყვა პროკურატურას ამ საქმესთან დაკავშირებით არ უთქვამს. თუ ახლა თემურ ალასანიას ფაქტორის გამოყენებით შეეცდებიან ამ საქმის გაცოცხლებას, ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას შენიშნავს, რომ ძიება ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით შეჩერებულია და დიდი ხანია, არაფერი არ გაგვიგია ამ საქმის თაობაზე. რაც შეეხება თემურ ალასანიასთან დაკავშირებულ ხმებს, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს ხმები კარგა ხანია ვრცელდება, იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, თემურ ალასანიასთან მიმართებით რა მოხდა, ფაქტია, თემურ ალასანია ამ წუთას სხვა საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ემალება და საქართველო დატოვა. ერთი რამ ცხადია, იმ დანაშაულებში, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ჩადიოდა, ალასანიას დიდი როლი მიუძღვის. როგორც მოწმეები ამბობენ, „ჟვანია ხელს ვეღარ შემიშლისო“, – ასე უთქვამს თემურ ალასანიას. სხვათა შორის, პეტრე მამრაძეს ეს ზუსტად აქვს გადმოცემული. ზუსტად ამიტომ გაუჩნდა ოჯახს ეჭვი, ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან ხომ არ ჰქონდათ საქმე. თემურ ალასანია რომ კგბ-ს გენერალია, ცოტა გაზვიადებულია. უბრალოდ, ის არის კგბ-ს ნომენკლატურა, რომელიც საბჭოთა კავშირის კვოტით დაინიშნა გაეროში. მისი ასეთ თანამდებობაზე დანიშვნა, რასაკვირველია, კგბ-ს მწვანე შუქის გარეშე არ მოხდებოდა. თემურ ალასანია არის ორმაგი, სამმაგი, შეიძლება უფრო მეტმაგი აგენტიც, რომელიც თავის ინტერესებზე თამაშობს და მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესებსაც იყენებს ამ თამაშში. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა სხვადასხვა ინტერესების ბალანსის შედეგად მოხდა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის თქმით, ჟვანიას მოცილებაში ბიზნეს ინტერესებზეა საუბარი, სტრატეგიულ ინტერესებზე. კონკრეტულად კი, იმ პერიოდში მკვეთრი დაპირისპირება იყო სააკაშვილისა და ჟვანიას გუნდებს შორის.
„თემურ ალასანიას სახელს, ასევე, უკავშირდება იარაღით ვაჭრობის ინტერესებიც. რატომ გადაიკვეთა ზურაბ ჟვანიასთან მისი გზები? ჟვანია იყო რაციონალური პოლიტიკის მომხრე და მისი მმართველობა გარკვეულ წესებს ექვემდებარებოდა. სააკაშვილის მმართველობის დროს კი ბევრი ისეთი საკითხი იყო, რაც ყოველგვარი კანონის და სამართლიანობის გარეშე წყდებოდა. არც მეტი, არც ნაკლები, ჟვანიას მოცილების საქმეში აშკარად იკვეთება რუსეთის დაინტერესება, მაგრამ არა მხოლოდ რუსეთის ინტერესებია აქ მთავარი, არამედ აეროპორტზეცაა საუბარი, რომელიც მოგვიანებით თურქული კომპანიის ხელში აღმოჩნდა“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით რაიმე ხელმოსაჭიდი რომ ყოფილიყო, ჯერ კიდევ პირველი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იტყოდა. კბილაშვილი ამ მასალებით სპეციალურად ამერიკაში იყო ჩასული, ფბრ-თან, იქ ჰქონდა კონსულტაციები და იქ უთხრეს, ეგ უპერსპექტივო საქმეაო.
„ველამ იცოდა ჟვანიას ამბავი, ეს იყო უბედური შემთხვევა, თორემ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას საქმეზე არ შეედავებოდნენ? მკვლელობის საქმეს ხელიდან გაუშვებდა პროკურატურა? ვახტანგ კომახიძე კი იძახის, რამდენიმე მაღალჩინოსანმა აღიარა, თემურ ალასანიას უთქვამს, ცოტა ხანში ჟვანია ცოცხალი არ იქნებაო, მაგრამ კგბ-ს ასეთ გამოცდილ გენერალს, როგორადაც თემურ ალასანიას მოიხსენიებენ, ასეთი წამოცდენები ექნებოდა? კგბ-გენერალს კი არა, კგბ-ს სერჟანტსაც ასწავლიან, რომ ხმამაღლა ასეთი რამეები არ უნდა ილაპარაკოს. თემურ ალასანიაც, ეს კგბ-ს გენერალი, იმის ჩიტია, ისეთ ხალხთან ეთქვა, ზურაბ ჟვანია მალე ცოცხალი არ იქნებაო, ვისაც არ იცნობდა და მერე წინ დაუდებდნენ ამ ნათქვამს? აქ ხომ მკვლელობაზეა ლაპარაკი. კგბ-ში გენერლობას ისე არ აძლევდნენ, როგორც ჩვენთან, საქართველოში, შევარდნაძის დროს, როცა ყველა „მხედრიონელი“ გენერალი გახდა. თანაც, გაეროში მუშაობდა, განიარაღების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ის ვერ ისწავლა, ენისთვის კბილი დაეჭირა?“ – აღნიშნა სოსო ცინცაძემ.