“მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს რეალური და პარალელური საქართველო“

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ არსებობს რეალური და პარალელური საქართველო“

როგორი იყო გასული წელი, რა შეგვძინა ან დაგვაკლო, რისკენ ვისწრაფვით ახლა, ამ და სხვა საკითხებზე პოეტი დათო მაღრაძე გვესაუბრა:

– შთაბეჭდილება მექმნება, რომ არსებობს რეალური და პარალელური საქართველო. პარალელურში პროცესები­ ისტერიკულად ვითარდება, რეალურში – ისტორიულად. პარალელურში რუსეთს ომი მოვუგეთ, მაპ-ზე უკეთესი მივიღეთ, დავითგარეჯა საქართველო არ არის, ქართველი ოლიმპიელების გამარჯვება აღიზიანებთ. ყველაფრის დევალვაცია სურთ. ამ სამყაროში გმირებსაც თავად ქმნიან თავიანთი შეხედულების მიხედვით… ეს ბევრმა რამემ განაპირობა, მათ შორის იმან, რომ ჩვენში ინფორმირებულობა განათლებაში ვერ გადადის. ამას სულიერი ხერხემალი, კულტურა სჭირდება, რისი ნაკლებობაც თანამედროვე საქართველოს ნამდვილად აქვს. მხოლოდ განათლებულ და კულტურულ საზოგადოებას აქვს ქარტეხილის გამოცდილებაში გადატანის უნარი. საზოგადოების ჩემეული ფორმულირება კი ასეთია – ეს არის მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს.

ვფიქრობ, რეალური საქართველო უფრო მკაფიო ხდება, პარალელური თავისი­ გავლენებით თანდათან მცირდება და გაქრობისკენ არის მიდრეკილი. თუმცა წინსვლა მაინც იგრძნობა, ვინაიდან რეალური საქართველო მაინც არსებობს. აქ ადამიანები მზის ამოსვლას ასწრებენ, დაღამებამდე ფუსფუსებენ – ზოგი ვენახში, ზოგიც თონეში. ზოგიც ქართულ ხელნაწერს სულს უბერავს, რომ მტვერი არ დაედოს, ან სულაც ავადმყოფს ღამეს უთევს… ასეთ ხალხზე დგას საქართველო და არა მათზე, ვინც დღედაღამ იმაზე ფიქრობს, არყიოს ქვეყანა, თუმცა მხოლოდ რყევის უსუსური ცდა გამოსდით. ეს თავადაც კარგად იციან და ამიტომაც მუდმივად ახალ-ახალი ალიაქოთის მიზეზების ძიებაში არიან. მოსახლეობის პოლარიზაცია ხომ საქართველოში მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც “პროგრესისტმა” სოციალ-დემოკრატებმა ხალხი არისტოკრატების წინააღმდეგ აამხედრა, შემდეგ უკვე ინტელიგენციას დააპირისპირეს, მოგვიანებით კი “ჩარეცხილებს” თანამედროვე “პროგრესისტები” დაუპირისპირეს. მათ აქეზებენ, რომ საზოგადოებას ზნეობრივი სასამართლო მოუწყონ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ზნეობრივი უმანკოებით არც არისტოკრატია გამოირჩეოდა, არც ინტელიგენცია, მაგრამ ის აგრესია, რაც მოსახლეობაში მათ წინააღმდეგ გააღვივეს, სამოქალაქო შეგნების დაბალ საფეხურზე მეტყველებს. გარეთ 21-ე საუკუნეა, ჩვენ კი კალენდართან კონფლიქტში აღმოვჩნდით. პოლარიზებულმა მხარეებმა რომ თანაცხოვრების კულტურა შეძლონ, უპირველესად კალენდარს უნდა შევურიგდეთ. ვინ ვისთან გატეხს პურს და დალევს ყავას, ყველას ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ მთავარია, ეროვნული თანხმობა შედგეს კანონსა და იმ რეალობასთან, რომელშიც ვცხოვრობთ.

– ეროვნული თანხმობის ინიციატივას გულისხმობთ?

– იმას ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებას მოქალაქეთა გრადაციის უფლება არა აქვს, როგორც ღვთის წინაშე ვართ თანასწორი, ისევე უნდა ვიყოთ კანონის წინაშეც. გამარჯვებული გამარჯვებას უნდა შეურიგდეს და იმასაც, რომ ის ხალხის მხარდაჭერით მოიპოვა და არა მხოლოდ ინდივიდუალური ლიდერობით, ნაკლი ხალხში კი არა, საკუთარ თავში უნდა ეძებოს. აი, ასე შევრიგდებით კალენდართან, აწმყოსა და ცივილიზებულ სამყაროსთან. დანარჩენი მხოლოდ პათეტიკაა, როგორი კეთილშობილური სიტყვებითაც უნდა იყოს გამოთქმული. იმედისმომცემი იყო პრემიერის განცხადება, ჩვენს ქვეყანაში არავინ იქნება კანონზე მაღლა და მასზე დაბლაო. ასეთი მიდგომა, ვფიქრობ, საქართველოს ხვალინდელ დღეში ბევრ რამეს მოაწესრიგებს. რაც შეეხება შერიგებას, ამ ინიციატივას გვიან შეუერთდა “ნაცმოძრაობა”, როგორც მათი უკრაინის მოქალაქე ლიდერი. რაც შეეხება მასობრივ შიმშილობას,­ ძალიან უცნაური ფორმულირება მისცეს, ერთმანეთს ჩავენაცვლებითო.­ შიმშილობის მსგავს ფორმაზე არასდროს მსმენია. ყველა მათგანს ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ იმასაც­ შევახსენებ, რომ შიმშილობა­ პროტესტის უკიდურესი ფორმაა და რისკ-ფაქტორის გარეშე შიმშილობისა და იმ იდეების პროფანაციაც არის, რასაც ეს აქტი უნდა მიეძღვნას­. საერთოდ, ეს ორგანიზა­ცია რასაც გაეკარა, ყველაფრის პროფანაცია მოახერხა. ეს სექტა ოპოზიციაში უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ხელისუფლებაში იყო. ასე რომ, აშკარაა, ძალიან მალე აიკრიფებიან. სამყაროში ბევრად მნიშვნელოვანი თემებია, რომლებითაც უნდა დავინტერესდეთ, ვიდრე ამ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ბედ-იღბალი…

– მმართველ გუნდზეც გკითხავთ, რომელიც არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჩაგდებული პროექტის ავტორია.

– მე კი მგონია, ამ ვითარებაში, როდესაც სრულიად არაჯანსაღი ოპოზიციის პირობებში უწევს მუშაობა, ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო გამოწვევას ძალიან კარგად გაართვა თავი. პრემიერმა ღირსეულად უპასუხა, კანონი ყველასთვის თანასწორი უნდა იყოს.

– თუმცა აშკარაა, რომ არ არის, არა?

– სასამართლო რეფორმას თუ გულისხმობთ, ამაზე მე არაერთხელ ძალიან მწვავედ გამიკრიტიკებია ხელისუფლება… სხვას სხვა თემებზე რა არგუმენტები აქვს, არ შევაფასებ, არ არის ჩემთვის დამაჯერებელი. საზოგადოდ კი ახლა სამყაროში ღირებულებითი კრიზისია, ამან საყოველთაო ტენდენციის სახე მიიღო და ის ასე გამოიყურება – ვიღაცებს სურთ ადამიანები კარგისა და ცუდის გარჩევის გამოცდილების გარეშე დარჩნენ. ამან გამიჩინა განზრახვა, რომ მოქალაქეში­ ადამიანს გამოვსარჩლებოდი. სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებას საუკუნეები დასჭირდა, 21-ე საუკუნეში­ კი მოქალაქეში ადამიანს გაუჭირდა და თანდათან გაქრობა დაიწყო, თითქოს თანამედროვე სახელმწიფოს ადამიანი არ სჭირდება. ტრადიცია, რატომღაც პროგრესის მუხრუჭად მოინათლა. უდიდესი ავსტრიელი მუსიკოსის, გუსტავ მალერის ფორმულა,­ რომ ტრადი­ცია ცეცხლის გადაცემაა და არა ფერფლის თაყვანისცემა, თანამედროვე საზოგადოების ყურადღების მიღმა სურთ დატოვონ. ადამიანის თვისებები: თანადგომა, გულისხმიერება, ჭირი­სუფლობა, დღესასწაულის გაზიარება თითქოს ზედმეტი გახდა. თითქოს სიტყვა “შობაც” მოიზედმეტა ევროკომისიამ.

– რასაც რომის პაპიც გამოეხმაურა.

– დიახ, მან ამ გმირული მიმართვით ფსევდოჰუ­მანური პოლიტკონიუნქტურის ღვარცოფის წინაშე დააყენა თავი. მან არასრული ღირებულებითი კრიზისის ტენდენციას იდეოლოგიური კოლონიზაცია უწოდა. მისი ევროკავშირისადმი მიმართვის ტექსტი ასე იკითხება: თუ ევროკავშირს სურს ევროპა შობის გარეშე­ დარჩეს, ევროპა ევროკავშირის გარეშე დარჩება. ვფიქრობ, ევროპა, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, პაპის მსოფლმხედველობაში უფრო ირეკლება, ვიდრე ევროკავშირის ბიუროკრატიულ პოზიციაში. მგონია, ერთადერთი ღირებულება, რასაც მოარული ტრენდი აღიარებს, უპატივცემულობაა, ოღონდ მასაც ცალმხრივი ეფექტი აქვს. მისი მიმდევარი კაცობრიობის მონაპოვარს პატივს არ სცემს, არც მათ, ვისთვისაც ეს მონაპოვარი ძვირფასია. მათი უპატივცემლობის ცალმხრივობა იმაში გამოიხატება, რომ სხვებისგან მათი უპატივცემულობის პატივისცემას ითხოვენ. თითქოს “პროგრესისტებს” უპატივცემულობის ექსკლუზივი აქვთ. ასე მგონია, თუ მდინარე ბავშვს წაიღებს, ენჯეოების უმეტესობა ბრიფინგებზე მდინარის უფლებებზე დაიწყებს საუბარს. ამ ფიქრსა და ემოციებში ჩაისახა ჩემი ახალი ნაწარმოებები “ბარაქიანი მიწა” და “მეტაფიორა”, რომლითაც მდინარეში ბავშვის საშველად გადავხტი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შესაძლოა მოსამართლემ გამამტყუნოს, მდინარის ამ მონაკვეთში წყალში შესვლა აკრძალულიაო.

– განსხვავებული დამოკიდებულების მიუ­ხედავად, ევროკავშირსა და დასავლეთშია­ ჩვენი ხსნა. როგორ ფიქრობთ, ამ სამყაროს უფრო მეტად დავუახლოვდით თუ დავშორდით?

– ევროკომისიის ინიციატივით, სიტყვა “შობის” ფრაზეოლოგიიდან ამოვარდნის განხილვით, ვფიქრობ, ჩვენ კი არა, ევროკავშირი შორდება ევროპას, რადგან რაც ევროპის ხიბლია და ადამიანს მისკენ იზიდავს, ანტიკური კულტურისა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების ჰარმონიამ განაპირობა. ამაში შედგა ევროპული რენესანსი. ევროპული კულტურა თავისი თვისებით ქრისტიანული ცივილიზაციაა. ამიტომაც არის ჩვენთვის ძვირფასი და მშობლიური დ ვისურვებდი არც ერთი სტრუქტურა და ორგანიზაცია არ დაშორდნენ ევროპას, რომელიც ჩემთვის გეოგრაფიული კი არა, კულტურულ-პოლიტიკური ტერმინია. მე დავრჩები ამ კულტურის ერთგული და პატივისმცემელი. თუმცა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი სიახლის შეთავაზება ძველის აღიარებით დაიწყოს. გასულ კვირას ჩემმა მუსლიმანმა არაბულენოვანმა მეგობარმა ადელ ბაშქალიმ, რომელმაც ჩემს პოემას “ჯაკომო პონტის” შესანიშნავი წერილი მიუძღვნა, შობა მომილოცა. ჩემთვის ეს არის ცივილიზაცია, კულტურა, ადამიანი, რომელსაც რაღაცის სწამს, სხვის რწმენასაც პატივს სცემს. საბედნიეროდ, საქართველოს სუვერენიტეტი დღითი დღე იზრდება. ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები მიანიშნებს, რომ ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არა, დამოუკიდებლობისკენ არის გადახრილი, რასაც მივესალმები. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი ბრძოლის მიზანი დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა. საგარეო პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები აშშ-სა და ნატოს შესახებ ძალზე სახიფათოა. არავინ იცის, როგორ განვითარდება პროცესები, ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. იმავდროულად, უნდა ვიღვწოდეთ, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი მისია – პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტა – მუდმივად გავახმიანოთ. ვინაიდან შობა-ახალი წელი მოდის, ბედნიერ წელს ვუსურვებ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური ბანაკის რომელ მხარესაც უნდა იდგეს ის. ეს ჩვენი ქვეყანაა, ძალიან მდიდარი წარსულით, მაგრამ უამრავი მძიმე განსაცდელით, რომელიც ახლა გვანებებს თავს. როგორმე უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს საქართველოს ღირსეული მოქალაქეობა, თორემ პოლიტიკური ძალები მიდიან და მოდიან, ქართველი საზოგადოება კი რჩება. ვისურვებდი მას ყველა ქარტეხილი, საშინაო თუ საგარეო, იმ გაკვეთილად და გამოცდილებად ექცია, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენებთ.

ბედნიერ შობა ახალ-წელს ვუსურვებ თქვენს მკითხველს, ჩემს საქართველოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალზე სერიოზულ ინსტიტუციებში განხილვის თემად იქცა, სიტყვა “შობა” დარჩეს თუ არა სასაუბრო ფრაზეოლოგიაში. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუ ამ ეპოქას მოვესწრებოდი.

წყარო: newposts.ge