“თემურ ალასანია ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა… ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო, მას უსათუოდ მოუწევდა რაღაცების ახსნა, მაგრამ ეს შანსიც ხელიდან გაუშვეს…“
ზურაბ ჟვანიას ძმის, გიორგი (გოგლა) ჟვანიას, აზრით, დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, ყოფილი პრემიერის ხმაურიანი საქმე გაიხსნას და ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ოჯახს ბევრი კითხვა აქვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან, და თვლის, რომ პროკურატურას ის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. გიორგი ჟვანია ამბობს, რომ საქმეში არის ბევრი ჩვენება და მტკიცებულება, რომლებითაც პროკურატურა აქამდეც უნდა დაინტერესებულიყო.
– ჩემი ძმის საქმეზე თემურ ალასანია უნდა დაეკითხათ. ბევრი გარემოება ძალიან უცნაური და საეჭვოა. ზურას პრემიერობის პერიოდი წარმატებული იყო. არავინ ელოდა, რომ მოხსნიდნენ ან გადააყენებდნენ. ამ ფონზე თემურ ალასანიას განცხადებები ძალიან საეჭვოა – ის ყველგან ამბობდა, მალე ჟვანია აღარ იქნებაო. ამაზე ბევრი ხმამაღლა ლაპარაკობდა. თანამდებობაზე არ იქნება, ან გადავაყენებთო, არც ერთხელ არ უთქვამს. ყოველთვის ამბობდა, არ იქნებაო. ეს ეჭვს აღძრავს და პროკურატურამ კარგად უნდა გამოიკვლიოს. ამისთვის ალასანიას დაკითხვა აუცილებელი იყო, პროკურატურას სწორედ ახლა ჰქონდა ეს შანსი და ხელიდან არ უნდა გაეშვა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ალასანია არც ერთხელ არ ჩამოსულა საქართველოში, მხოლოდ ახლა ჩამოვიდა და ველოდებოდი, რომ ჩემი ძმის საქმეზე აუცილებლად დაკითხავდნენ. თავის დროზე ბევრი ადამიანი დაიკითხა და მათი ჩვენებები არის საქმეში. მნიშვნელოვან ფაქტებზე ლაპარაკობენ პეტრე მამრაძე, ირაკლი კაკაბაძე, ბევრი სხვაც და მიმაჩნია, რომ ამას პროკურატურის დიდი ინტერესი უნდა გამოეწვია. სამწუხაროდ, თემურ ალასანია ქვეყნიდან დაუბრკოლებლად გავიდა…
– დღეს რა ეტაპზეა გამოძიება?
– რამდენიმე წელია, პროკურატურასთან ურთიერთობა არ მაქვს, რადგან აშკარაა, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ სურს. დიდი დაინტერესება, მძლავრი პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ ეს საქმე გაიხსნას. 2016 წლამდე, სანამ პარლამენტის წევრი ვიყავი, პროკურატურასთან უფრო ინტენსიური კონტაქტი მქონდა, მას მერე თანდათან განელდა ჩვენი ურთიერთობა.
– როცა ხელისუფლება შეიცვალა, ლაპარაკი დაიწყო ხელახალ გამოძიებაზე…
– თავიდან მართლაც ისმოდა ასეთი განცხადებები და მეც იმედი მქონდა, რომ ყველაფერს გამოიძიებდნენ, მაგრამ მერე პროკურატურაში უცნაური პროცესები დაიწყო და ეს საქმე ნელ-ნელა თაროზე შემოდეს. ერთადერთი მიზეზი, რაც თვალსაჩინოა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სუსტი სახელმწიფო, რომელიც, როგორც ჩანს, ბევრ სხვადასხვა ფაქტორს უწევს ანგარიშს და ამის გამო ამ საქმის გამოძიებისთვის საჭირო ნებას ვერ ამჟღავნებს.
– ამ საქმის მტკიცებულებები ისე ხომ არ განადგურდა, რომ სიმართლის გარკვევა ჭირს?
– ცხადია, მასალებს აყალბებდნენ და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საქმის გამოძიების სურვილი არ აქვს. ზოგადი ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, გეტყვით: როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში აღმოჩნდა ერთი ფირი, რომელზეც გადაღებულია ზურას ექსპერტიზა და იქ ჩანს თავის არეში დაზიანებები. როდესაც ზურა სახლში მოასვენეს, ტრეპანაცია უკვე გაკეთებული ჰქონდა, თავის ქალაზე კანი გადაჭიმული იყო და ამ დაზიანებების კვალი აღარ ჩანდა. მაშინ აგვიხსნეს, რომ ეს გამოწვეული იყო ექსპერტიზით. იმ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ, ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ზურას თავში ძლიერად ჩაარტყეს რაღაც ბლაგვი საგანი. ასეთი დაზიანების აღმოჩენის შემდეგ პროკურატურას თუნდაც ექსჰუმაციის სურვილი უნდა გასჩენოდა, რომ ცხედარი დაეთვალიერებინათ და იქნებ ეს დაზიანებაც ეპოვათ.
– ხომ იყო საუბარი ექსჰუმაციაზე?
– საუბრის იქით საქმე არ წასულა. საჭირო იყო უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებიც სერიოზულ დასკვნებს გამოაქვეყნებდნენ და კითხვები აღარ დაგვრჩებოდა. ოჯახი დაჟინებით ვითხოვდით ექსჰუმაციას. თითქოს სამუშაო დაწყებულიც იყო, მაგრამ ეს დაუსრულებელ პროცესად იქცა და დღემდე არაფერი გაკეთებულა. დავინახე, რომ არ ჰქონდათ ამის სურვილი, ამიტომ თავი დავანებე პროკურატურასთან ურთიერთობას. არ მინდა ინტერვიუ დეტალებით გადავტვირთო, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი ნახსენები ექსპერტიზის ვიდეომასალა საქმეში არ იდო. ის აღმოჩნდა ძველი მთავარი პროკურორის სეიფში სხვა რაღაცებთან ერთად ჩაგდებული. სანამ ზოდელავა იყო, ფირი მის სეიფში ინახებოდა. როცა ის წავიდა და არჩილ კბილაშვილი მოვიდა მთავარ პროკურორად, მან სეიფში ეს ფირი აღმოაჩინა. კადრები ნახეს სპეციალისტებმა და დასკვნებიც გააკეთეს, მაგრამ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო სუსტია, ჩვენი ხელისუფლება კი გვერდს ვერ უვლის ბევრ ფაქტორს, რომლებიც აფერხებს ამ საქმის გამოძიებას. აი, ეს არის მთავარი მიზეზი, რომ სიმართლე დღემდე არ თქმულა.
– გაქვთ იმედი, რომ ოდესმე თქვენი ძმის საქმეს გამოიძიებენ?
– სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი მიზანი იქნება, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, მაგრამ ამ ხელისუფლების ხელში ამას არ ველოდები. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება – და აუცილებლად შეიცვლება – ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს.
– რომელიმე მნიშვნელოვან დეტალზე ხომ არ გაამახვილებთ ყურადღებას?
– არ მინდა ყველაფერზე ლაპარაკი, რადგან საქმე ჯერ დახურული არ არის. საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. ერთ-ერთი ასეთი მოქმედება შეიძლებოდა ყოფილიყო თემურ ალასანიას დაკითხვა. მას უსათუოდ მოუწევდა რაღაცების ახსნა, მაგრამ ეს შანსიც ხელიდან გაუშვეს. ზუსტად ვიცი, რომ თემურ ალასანიას ჯგუფი ცდილობდა აეროპორტის ხელში ჩაგდებას. იმ დღეებში ის და მისი პარტნიორები შეხვდნენ ზურას და დიდი ქრთამი შესთავაზეს. ამის გამო როგორი განერვიულებული იყო ზურა და რას მოუყვა პეტრე მამრაძეს, მოვისმინე ბატონ პეტრესგან ზურას გარდაცვალების შემდეგ. მან მითხრა, კახა ბენდუქიძემაც იცის ეს ამბავიო, ბატონ კახას შევხვდი და მანაც ზუსტად იგივე მითხრა. დიდი სკანდალი იყო მაშინ კანცელარიაში. ზურას ერთი სართულით ზემოთ იჯდა მიშა სააკაშვილი. ზურა მაშინვე ავარდა მასთან და მოუყვა, როგორ შესთავაზეს ბიძამისმა და მისმა მეგობრებმა ქრთამი. მიშამ სცენა გაითამაშა – ზურას დასანახავად ბიძას ტელეფონით აგინა, არადა საქართველოში პროცესებს სწორედ თემურ ალასანია მართავდა – ეს ხომ ყველამ იცის! ის იყო არაფორმალური მმართველი – უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, კანცელარიაში ოთახი ჰქონდა გამოყოფილი… თემურ ალასანია იყო ჩვენი სახელმწიფოს არაფორმალური მმართველი. ერეოდა ყველა საკვანძო საკითხში, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებული იყო შეიარაღებასთან. ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხა მან საქართველოს საზღვრის ასე ადვილად გადალახვა. ვფიქრობ, მისი ჩამოსვლა შეთანხმებული იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან. არა მგონია, სხვანაირად ჩამოსვლა გაებედა.
– ირაკლი კაკაბაძეც ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას ალასანიასთან პრობლემები ჰქონდა… საქმე იქამდე მივიდა, რომ ის თანამდებობის დატოვებასა და ოჯახთან ერთად ქვეყნიდან უცხოეთში, კერძოდ, ამერიკაში წასვლას აპირებდაო. ამაზე ძმას თქვენთან უსაუბრია?
– ჩემთან არა, მაგრამ ნინოსგან ვიცი, რომ მასთან ამაზე ულაპარაკია.
– ქვეყნის პრეზიდენტი შერიგების ინიციატივას გვთავაზობს. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით?
– სიმართლე გითხრათ, ქართული პოლიტიკა, დიდი ხანია, ჩემი ინტერესის სფერო აღარ არის. სასიკეთოს არაფერს მოველი არც ერთი, არც მეორე მხარისგან, არც – პოლიტიკაში მყოფი ადამიანებისგან. ან სიტყვა შერიგება რას ნიშნავს? ვინ ვის უნდა შეურიგდეს? სამოქალაქო ომი გვაქვს თუ რა ხდება?! მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. თუ ვინმემ რამე დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და აქ შერიგება არაფერ შუაშია. როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, პასუხი უნდა აგოს. თუ ვინმეს ხელისუფლებისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს, საზოგადოება უნდა დაარწმუნოს ამ შეხედულებების მართებულობაში, ამისთვის კი არსებობს მექანიზმი და მას არჩევნები ჰქვია. არ მესმის, დღევანდელ სიტუაციაში რას ნიშნავს შერიგება.
– სააკაშვილი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია …
– დიდი ხანია, სააკაშვილის განცხადებებს ადეკვატურად არ მივიჩნევ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მისი ქცევა და განცხადებები არაადეკვატური ჩანდა, დღეს კი, როცა ოთხ კედელშია გამოკეტილი, უფრო არაადეკვატური გახდა. ამ ქვეყანაში ათასობით ადამიანია წინა ხელისუფლების მიერ გამწარებული. დახოცილია, ნაწამებია ხალხი და მას სინანულის გრძნობაც კი არ აქვს, არც ბოდიში მოგვისმენია. პარლამენტში ჩემი პირველი გამოსვლისას სწორედ ამ სიტყვებით მივმართე `ნაციონალურ მოძრაობას~ – ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას იმისთვის, რაც ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩაიდინეთ-მეთქი, მაგრამ მათ სინანული არ შეუძლიათ, პირიქით, მანიაკალური მისწრაფებით ცდილობენ, როგორმე დაიბრუნონ ხელისუფლება. ყველანაირ პროვოკაციას, სიბინძურეს კადრულობენ. არ აინტერესებთ სახელმწიფო, არ აწუხებთ, ეს ქვეყანა დაინგრევა თუ არა.
– როგორ ფიქრობთ, მოუწევს ხელისუფლებას დათმობა? ერთ-ერთ ვერსიად სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაც განიხილება…
– რის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება? მან საქართველოში ჩაიდინა დანაშაული, გამოუტანეს განაჩენი და იხდის სასჯელს. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი მექანიზმია პრეზიდენტის შეწყალება, სხვა კანონიერი გზა არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ძალიან დიდი იმედგაცრუება გაჩნდება, თუ ის სააკაშვილს შეიწყალებს – მას ისედაც მინიმუმი აქვს მისჯილი. ამ ქვეყანაში უამრავი ადამიანია გაუბედურებული და ვინც სააკაშვილისა და მისნაირი გარეწრების შეწყალებას დააპირებს, უპირველესად, იმაზე უნდა დაფიქრდეს, რა პასუხს გასცემს ამ ადამიანებს.
წყარო: newposts.ge