დანომრილი პრეზიდენტები და მათი გამაოგნებელი ლოგიკა

სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს გატარებული და ქართველის აზროვნება მისთვის ისეთივე ამოუცნობია, როგორც საქართველოში დროებით აკრედიტებული უცხოელი დიპლომატისთვის, არის შემრიგებელი? მოდით, დავსვათ კითხვა, ცხადია ერთობ უხერხული ზურაბიშვილისთვის — რატომ ჩათვალა მან, რომ ხელეწიფება ხალხის შერიგება, გაერთიანება? ზურაბიშვილი ამ ხალხისთვის არ არის ავტორიტეტი და მედიამ რაც არ უნდა „იჩალიჩოს“ მისთვის ავტორიტეტის მიკერებაზე, არაფერი გამოუვა.

გარდა ამისა, ვისთან არიგებს ზურაბიშვილი ხალხს — სააკაშვილთან და მის ნაცებთან? ე.ი. პრეზიდენტთან, რომელმაც ომი გააჩაღა, ხალხი დახოცა, ტერიტორიები დაკარგა, სახელმწიფო თანხა ჩაიჯიბა, ხელისუფლების შტოებს სოლიდურობა დააკარგინა უცოდინარი, უმწიფარი გოგო-ბიჭების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნით?

როგორ უნდა გამოხატოს ხალხმა, რომ სააკაშვილს აპატია? სად გამოჩნდება ეს? ერთადერთი გზა ამისა რეფერენდუმია — მსოფლიოში ჯერ-ჯერობით უცნობი, შერიგების თემიდან გამომდინარე.

დამნაშავე პრეზიდენტები სასჯელს იხდიან. ასეთთა რაოდენობა საკმაოა. ქვეყნებიც ერთმანეთისგან მენტალურად განსხვავებული, ტერიტორიით ერთმანეთისგან დაშორებული. არც ერთს თავში აზრად არ მოსვლია დამნაშავე პრეზიდენტის ციხიდან გამოშვება პარტიების ერთმანეთთან შეთანხმებით, ანდა რეფერენდუმით. არის თუ არა ზურაბიშვილის მოწოდება უტოპია?

არის! ამასთანავე დანაშაულიცაა, როდესაც მშიერ-მწყურვალე ხალხს შვების მიცემის და დახმარების გაწევის ნაცვლად, რაც მას ესოდენ ესაჭიროება, რაღაც ზღაპრებით უტენი თავს, თან ჯიბეში უყოფ ხელს და უკანასკნელ თეთრებს გლიჯავ. მისი ყურადღება უმძიმესი სოციალური პრობლემებიდან, გაუგებარ შერიგებაზე გადაგაქვს.

იცით, რას მაგონებს ზურაბიშვილის ქმედება? საქალაქო ტრანსპორტში ჯიბის ქურდებს — ერთი რომ მხარს გაგკრავს და თქვენს ყურადღებას სხვაზე გადაგატანინებს, მეორე კი ჯიბიდან ფულს გაცლის.

მე-3 და მე-4 პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოდან გამოსულმა მე-4-მ ბრძანა: ვგონებ, სააკაშვილის პატიმრობა არც ივანიშვილს და არც „ოცნებას“ სურს, ეს გეოპოლიტიკური პროცესიაო. ხედავთ, მკითხველო, სად გავიდა მარგველაშვილი? სააკაშვილი გეოპოლიტიკური პროცესი ყოფილა — თანაც ავისმომასწავებელი, საქართველოს თავს შავი ღრუბელივით რომ დასტრიალებს!

ვუსმენდი გაოცებული მე-4 პრეზიდენტის აზროვნების დინებას და ვფიქრობდი, რომ მარილი აკლდა, უგემურად მომეჩვენა მისი გონებაგამჭრიახობა, თუმცა შევცდი. სიტყვის ბოლოს მან გაგვანდო ის საშინელი „სინამდვილე“, რომელიც რახანია თვით სააკაშვილმა გვითხრა — სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია!!!

არც მეტი, არც ნაკლები — პუტინის პატიმარია. ივანიშვილის და ქოცების პატიმრობა მისთვის შეუფერებელია — ამ “ბუმბერაზი”, მსოფლიოს “გიგანტი” პოლიტიკოსისთვის. მიკვირს მე-3 და მე-4 ერთად ნაპოლეონი რომ არ ახსენეს. მათგან არც ეს არის გასაკვირი. მომავალში იტყვიან.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი