ეს არის ძალიან დიდი ტყუილი! არ დაუჯეროთ, მეგობრებო, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც თბილისში პარკირების საკითხზე ახალი სააბონემენტო სისტემის შემოღების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში პარკირების საკითხზე სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია ვრცელდება.
„მინდა შევეხო კონკრეტულ საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო. ეს ძირითადად იყო სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია, რაც პრობლემას წარმოადგეს. არის კონკრეტული ტელევიზიები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამით საზრდოობენ და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საქმე შეეხება სიცრუეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური იყო, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი! არ დაუჯეროთ, მეგობრებო, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი, ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და არ შეეყვანა ხალხი შეცდომაში, მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი. მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება.
როგორც იცით, გუშინ საკრებულოში განიხილეს ეს საკითხი და დაამტკიცეს კიდეც, კიდევ ერთხელ გაკეთდა დეტალური განმარტებაც. მინდა, დამატებით ვაცნობო მოსახლეობას, რომ ჩვენ ქალაქში გვაქვს ორი ტიპის პარკირების სისტემა-ზონალურ-საათობრივი, რომელიც ახლა ინერგება და საათობრივი საფასურის გარეშე.
საათობრივი საფასურის გარეშე აქამდეც მოქმედებდა 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რაც მომავალშიც უცვლელი რჩება. რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული 1-ლარიანი გადასახადის გარდა, დავამატეთ სხვა პაკეტებიც, რაც ძირითადად ბიზნესორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის შეთავაზება, რომლითაც მსურველს შეუძლია ისარგებლოს, ან არ ისარგებლოს. ანუ თუ მსურველი შეიძენს კონკრეტულ პაკეტს, შესაბამისი პერიოდის მანძილზე აღარ მოუწევს საათობრივი საფასურის გადახდა ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეთავაზება არანაირ კავშირში არაა წლიურ 50-ლარიან აბონემენტთან“, – განაცხადა კალაძემ.