ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა.
უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი გუშინ გაიმართა, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. მეჯლისის ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ადამანების აღფრთოვანება გამოიწვია.
მეჯლისის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
ცნობილია, რომ დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის და მისი მემკვიდრეების ინიციატივით, ევროპის დიდი სასახლეების მსგავსად, ზუგდიდშიც მთავრისეულ რეზიდენციაში ტრადიციული საშობაო მეჯლისი ტარდებოდა. ეს მოვლენა იმდროინდელი საქართველოს ულამაზეს სანახაობას წარმოადგენდა. დღესასწაულზე დედოფლისა და მისი შვილების თანხლებით მოსახლეობა ბენგალური ცეცხლისა და ფოიერვერკების შოუსაც ესწრებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი ტრადიცია მოიშალა.
– „მძიმე მდგომარეობაში იყო უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეც. 2019 წელს ფონდმა „ქართუმ“ ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა, რის შედეგადაც სასახლეში სრულად აღდგა სამეჯლისო დარბაზი და თითქმის საუკუნოვანი პაუზის შემდეგ უნიკალური დარბაზი მოცეკვავეებს პირველად მასპინძლობს“ – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
წყარო: itv.ge