გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითრებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:
,,თუკი ვინმეს მართლა გსურთ საქართველოს ერთადერთი ცოცხალი მართლა არჩეული პრეზიდენტის სიმბოლოს გადარჩენა, მოეშვით ამ ვითომ შიმშილობებს, ვითომ პროტესტებს, ტრაქტატების წერას და ყველამ ერთად, საქართველოშიც და უცხოეთშიც ყველამ ერთად და ერთდროულად მივმართოთ უკრაინის საელჩოს, რომ იხსნას განადგურებისაგან მისი მოქალაქე, სახელმწიფო მოღვაწის სტატუსის ადამიანი, უკრაინის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აბსოლუტურად არავინ იცის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სრული სიტუაცია. უმძიმესი ნევროლოგიური დიაგნოზებით ჟონგლირებენ საქართველოში მყოფი ექიმები და ისიც კი არ ვიცით, ჩაუტარდა თუ არა თავის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, არ ვიცით, როგორია მისი ფსიქიკური მდგომარეობა.
სანამ გვინდა ამოვეფაროთ ტყვეობაში და მძევლად მყოფის იმ წერილებს, რომლებიც არც კი ვიცით, როდის და რა მდგომარეობაში ან საერთოდ ვინ დაწერა. თავისუფალი და მსოფლიოს ყველაზე მოძრავი პოლიტიკოსი რომ იყო, მაშინ არ ითვალისწინებდით არც ერთ მის შეთავაზებას და რჩევას ის ხალხი, ახლა რომ წერილების სიტყვა-სიტყვით შესრულებას რომ ითხოვთ.
მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე და მძევალი. რუსულ ცარისტულ ოლოგარქიას მისი სიკვდილი კიარ სურს, არამედ უნდა რომ ასეთ სამუდამო ტყვეობაში და მძევლად ჰყავდეს ეს ადამიანი. მიზანია მიხეილ სააკაშვილის, ერთი მხრივ, სავაჭრო ობიექტად გამოყენება და, მეორე მხრივ, მისი ფსიქიკური და ჯანმრთელობის მხრივ განადგურება. ჯერჯერობით ამას წარმატებით ახერხებს სისტემა. ნუ გახდებით ამ საქმეში ხელისშემწყობი.
ვთხოვოთ უკრაინას უკრაინაში გადაყვანა. ნუ შევირცხვენთ თავს კიდევ ერთხელ და ნუ გავწირავთ საქართველოს აწგარდასული სახელმწიფოს ბოლო სიმბოლოს. ამ საქმეში წარმატების რეალური და დიდი შანსი გვაქვს, თუ ამ მხრივ ვიმოქმედებთ”.