როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მაქსიმალური თანადგომა ექნება.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ იმ მოქალაქეებს, ვისაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდა, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა.
ამჯერად საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ თანხმად, ერთ ლარად 107 ოჯახს გადაეცა.
აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ ოჯახებს ბინის კანონიერი ფლობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მალე აღარ გვეყოლება ოჯახი, რომელიც საცხოვრებელი ფართის დაკანონების პრობლემის წინაშე იდგება. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და გაახარა ჩვენი რუსთაველი ოჯახები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მიმდინარე წელს საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, რუსთავში უკვე 500–მდე ოჯახს გადაეცა საკუთრებაში. რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურში, საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები კიდევ 150 განაცხადზე მიმდინარეობს.
წყარო: ptn.ge