მოსკოვის მთავარი ნარკოლოგი ევგენი ბრიუნი ასახელებს კერძს, რომელიც საუკეთესოა ალკოჰოლზე მისაყოლებლად, ვინაიდან მალე დათრობას უშლის ხელს.
მისი თქმით, ეს კარტოფილის პიურეა:
– „სპირტიანი სასმელების საუკეთესო მისაყოლებელი, იმისათვის, რომ ალკოჰოლი მალე არ მოგეკიდოთ – კარტოფილის პიურეა. კარტოფილი ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში მალე გაწოვას“ – ამბობს ექსპერტი.
ამასთან ბრიუნმა აღნიშნა, რომ ალკოჰოლთან ერთად არ შეიძლება გაზიანი სასმელებისა და ტკბილეულის მიღება. ეს აძლიერებს ინტოქსიკაციას და იწვევს მძიმე ნაბახუსევს.
ექიმი ურჩევს ახალი წლის სუფრის მომლოდინეებს, რომ ყველა სხვა სასმელს მშრალი თეთრი ღვინო ამჯობინონ. ირკვევა, რომ ეს სასმელი ყველაზე ნაკლებად იწვევს ნეგატიურ ეფექტებს.
მანამდე გამოცდილმა მოქეიფეებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ცდიდნენ სხვადასხვა მეთოდებს, რამდენიმე უებარი ხერხი გამოავლინეს ნაბახუსევთან ბრძოლისთვის.
ქვემოთ სწორედ მათ მეთოდებს გაგაცნობთ:
– პირველი ხერხი, რომელსაც, ხალხურის გარდა, ოფიციალური მედიცინაც ეთანხმება და მასზე თითქმის ყველას სმენია, ეს ისაა, რომ სანამ სმას შეუდგებით, ცხიმიანი საკვები უნდა მიირთვათ;
ქეიფის დაწყებამდე რამდენიმე ჭიქა რძე უნდა დალიოთ და ორიოდე კოვზი ნატურალური თაფლი მიირთვათ.
– აღსანიშნავია, რომ რძისა და თაფლის მეთოდის გამოყენება ბოლოსაც შეიძლება, სანამ დასაძინებლად დაწვებით. ეს ორი ინგრედიენტი ეფექტურად ებრძვის ალკოჰოლის დაშლის პროდუქტებს;
– კიდევ ერთი გამოცდილი მეთოდი – ღონისძიებაზე წასვლამდე 100 გრამი კონიაკის ან არყის დალევაა. მართალია, ალკოჰოლის ეს მცირე ნორმა მალე აქროლდება, მაგრამ სამაგიეროდ ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებს. თუმცა ამბობენ, რომ ეს მეთოდი ღრმად ინდივიდუალურია და ყველას ვერ ეხმარება;
– ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები ხელს უწყობს ალკოჰოლის დაშლის პროდუქტების აქროლებას ორგანიზმიდან. ამიტომ კარგი იქნება, თუ აღნიშნულ ორგანოს მუშაობის სტიმულს მისცემთ, ანუ იოდის შემცველ პრეპარატებს მიიღებთ ღონისძიებამდე ერთი ან ორი დღით ადრე.
გაითვალისწინეთ: პრეპარატი აუცილებლად ექიმმა უნდა შეგირჩიოთ და დაგინიშნოთ!
– გარდა ამისა, არსებობს სხვა მედიკამენტებიც, რომლებიც ასევე ეფექტურია ნაბახუსევთან ბრძოლაში. მაგალითად, „ასპირინი“ – მისი მიღება ქეიფამდე 24 საათით ადრე ღვიძლის მუშაობას გააუმჯობესებს; ნაღველმდენი საშუალების 12 საათით ადრე მიღება კი დაგეხმარებათ ალკოჰოლის დიდ დოზასთან გამკლავებაში;
– რაც შეეხება ე.წ. „კორვალოლის“ მეთოდს, გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ მისი ეფექტი მეტად საეჭვოა. ამასთან „კორვალოლი“ დამთრგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რასაც ნაბახუსევის მხოლოდ გამძაფრება შეუძლია. ამასთან, ამ პრეპარატის მიღებამ მაშინ, როდესაც ორგანიზმზე ჯერ კიდევ ზემოქმედებს ალკოჰოლი, შესაძლოა სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა დაარღვიოს;
– დაბოლოს, ალკოჰოლთან და ნაბახუსევთან ბრძოლის კიდევ ერთი გამოცდილი ხერხი – სპირტიანი სასმელების მიღებამდე ან მას შემდეგ აქტივირებული ნახშირის დალევაა. მისი დოზა უნდა გამოთვალოთ ასე: თითო აბი სხეულის წონის ყოველ ათ კილოგრამზე. ნახშირი მავნე ნივთიერებების აბსორბციას უწყობს ხელს და სწრაფად გამოჰყავს ისინი ორგანიზმიდან.
წყარო: newposts.ge