თოლორაიამ განაცხადა, რომ არ დათანხმდება ხელისუფლების არანაირ შეთავაზებაზე ორიდან ერთ-ერთი ახალშექმნილი სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ელოდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაადებს ვეტოს კანონპროექტს, რომელიც მომავალი წლის მარტიდან მისი უწყების გაუქმებას ითვალისწინებს.
ხუთშაბათს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 1 მარტიდან არსებული სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
– „ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის, მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს“, – განაცხადა თოლორაიამ.
სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატები გააკრიტიკა.
„საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა მის გადაწყვეტილებებს არავის და მოქმედებდა მხოლოდ კანონის დაცვით. თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც სხვის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევისა და სხვისი მონაცემების უკანონო გამოყენებისთვის, პასუხისმგებლობას თამამად აკისრებდა საჯარო დაწესებულებებს. თქვენ დღეს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმეთ უწყება, რომელიც შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური, ფინანსური რესურსებით აკეთებდა მაქსიმუმს რომ გამოეძიებინა სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები“ – განაცხადა თოლორაიამ.
მან აღნიშნა, რომ არ დათანხმდება ხელისუფლების არცერთ წინადადებას, ჩაუდგეს სათავეში რომელიმე ახლადშექმნილ სამსახურს, რადგან, მისი თვალსაზრისით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გაჟღერდა მუქარა, რომ ახალი სამსახურიც იგივე ბედს გაიზიარებს, თუ ის დამოუკიდებელი ორგანო გახდება.
კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის არსებობას არაკონსტიტუციური უწოდა.
წყარო: itv.ge