“თბილისის მერია ახალი წლის აღსანიშნავად 5 მლნ-მდე ლარს დახარჯავს, ჰელსინკის კი 1 მილიონს” – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს:
ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის ბიუჯეტი 4.8 მილიარდი ევროა, თბილისის კი დაახლოებით 360 მილიონი ევროს ეკვივალენტი, თუმცა თბილისი ახალ წელს 4.8 მილიონ ლარს ხარჯავს, ჰელსინკი კი მილიონი ლარის ეკვივალენტს.
საახალწლო კონცერტები გაუქმდა ლონდონსა და პარიზში, ხოლო საქართველოში, სადაც დეკემბრის განმავლობაში დღეში საშუალოდ 64 ადამიანი ეწირებოდა პანდემიას, მერია კონცერტებზე უარს არ ამბობს.
თბილისში 130 ათასამდე ადამიანი იღებს 60-ლარიან შემწეობას, 50 ათასი მათგანი არასრულწლოვანია და მერია მათ ახალ წელს 2-წუთიანი რგოლით მიულოცავს, რომლის დამზადებაც, განთავსების გარეშე, თითქმის 100 ათასი ლარი ჯდება, – წერს ფლანგვის დეტექტორი.