კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით

კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ.

გახარიას გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით სუბარი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრის არჩევას გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ ერთად ცდილობენ სახელმწიფო დააზიანონ.

– „წალენჯიხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია.

ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დეფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით – გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია.

ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად.

დღეს, უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა“ – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით შედგება და ეს არ იქნება პარტიული და პოლიტიკური თანამშრომლობა.

„წალენჯიხაში როგორ იქნება ურთიერთობა, ამას თვითონ გადაწყვეტენ, პარტიული ურთიერთობა არ იქნება, მერს აქვს თავის ბიუჯეტი, თუ რამეს გააკეთებს წალენჯიხისთვის და წალენჯიხელების საკეთილდღეოდ, ასეთ შემთვევაში მხარდაჭერა ბუნებრივია ექნება, ჩვენ ასეთ საკითხებში რაიმე პოლიტიკურ ხაზს არ ვავლებთ, ოღონდ ეს არის თანამშრომლობა კონკრეტულ პროექტებში და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური და პარტიული“ – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა საკრებულოში უკვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“ ალიანსში არიან.

– „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ გახარიას პარტიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, იგივე იქნება ყველგან. გახარიას პარტიას ძალიან უნდოდა რომ შეენიღბა თავის ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ სხვადასხვა საკრებულოებში ვხედავთ, რომ ეს ალიანსი კიდევ უფრო მკაფიო ხდება“ – განაცხადა სუბარმა.

წყარო: ptn.ge