შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების განთავსებას განიხილავს – ინფორმაციას The New York Times აშშ-ს ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის გადამწყვეტი შემობრუნების მომენტი შეიძლება გახდეს, რომელიც ბოლო დრომდე უკრაინის მიმართ თავშეკავებულ პოზიციას იჭერდა.
აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შაბათს გამართულ შეხვედრაზე პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენს აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში განთავსების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინეს.
ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1 000- 5 000 ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ამ რაოდენობის გაათმაგების შესაძლებლობით.
The New York Times წერს, რომ ამ თემაზე ჯო ბაიდენი გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს.