ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში ხორვატია არ ჩაერევა და თავის სამხედროებს რეგიონიდან გაიყვანს
ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდება ხორვატია რეგიონში არცერთ თავის ჯარისკაცს არ დატოვებს, – პასუხობს ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი შეკითხვაზე, როგორი რეაქცია ექნება ხორვატიას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში.
ზორან მილანოვიჩის თქმით, უკრაინა არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა და ნატოში მისი ადგილი არაა.
ჩვენ ამ ხანძარს უნდა მოვშორდეთ, კარი უნდა დავკეტოთ. ხორვატია არ იქნება მეხანძრე. პლენკოვიჩმა (ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ორჯერ ესტუმრა უკრაინას და მას ევროკავშირში გაწევრიანებაში მხარდაჭერა აღუთქვა, რაც ხორვატიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია და არ მოიწონა – „აიპრესი”) რამდენიც უნდა იმდენი მუქარა უგზავნოს რუსეთს, მე ვარ ხორვატიის არმიის მეთაური და გარანტიას ვიძლევი, რომ ხორვატი ჯარისკაცები არ იბრძოლებენ უკრაინაში.
ხორვატიის პრეზიდენტი თვლის, რომ ჯო ბაიდენი როგორც თანაპარტიელი, ისე რესპუბლიკელი „ქორების” ზეწოლას განიცდის და ცდილობს რუსეთთან მკაცრი პოზიცია იქონიოს. მისი თქმით, უნდა მოხდეს და მოხდება კიდევაც ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს გაითვალისწინებს.
ზორან მილანოვიჩი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, როდესაც ევროკავშირმა უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი იანუკოვიჩი ჩამოაგდო და უკრაინამ კურსი დასავლეთისკენ აიღო და ევროკავშირის რძის მდინარეების იმედად რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან საბაჟო კავშირები მოშალა.
მომზადებულია ხორვატიულ პორტალ index-ის მიხედვით.
წყარო:https://ipress.ge/