ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვმა ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
საუბარია მილანოვიჩის განცხადებაზე, რომ უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის და რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ასევე, ხორვატიის პრეზიდენტმა უკრაინას კორუმპირებული ქვეყანა უწოდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – წერს ანდრეი პლენკოვი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
აღსანიშნავია, რომ ზორან მილანოვიჩის განცხადების გამო, უკრაინის საგარეო უწყებაში ხორვატიის ელჩი დაიბარეს.