საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის კრიზისზე ისაუბრა.
მისი თქმით, საფრანგეთი და გერმანია რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ერთობლივად მუშაობენ.
„ჩვენ ერთდროულად ვამზადებთ საერთო პასუხს თავდასხმის შემთხვევაში. უკრაინაზე თავდასხმა რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდება, დასავლეთი ერთიანია“, – აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ 28 იანვარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ტელეფონით ისაუბრებს.
26 იანვარს პარიზი, „ნორმანდიული ფორმატის“ ფარგლებში, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლებს, რათა აღადგინოს დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, მაგრამ ბოლო წლებში თავისი ფუნქცია დაკარგა.
შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.