ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.
„ამ ეტაპზე, საწოლები გვაქვს. გასაწერია 35 პაციენტი, რამდენიმე საათში გაეწერებიან და კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოჩნდება. მ ეტაპზე, 12 ადგილი მაინც არის. რეანიმაციაში ახალი მძიმე პაციენტი არ შემოსულა. 3 პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, სტაბილურად მძიმედაა და ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ამ ეტაპზე, სასწრაფოსაც მოჰყავს წლამდე ასაკის ბავშვები ან რისკჯგუფის პაციენტები. ამ დროისთვის, 12 წლის ზემოთ, აცრილი პაციენტი არ გვყავს. მომართვიანობა არ მომატებულა, ვითარება სტაბილურია, მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა“ – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
“იმედინიუსი”