თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ჟურნალისტი დააკავეს

“არსებობს ცნობილი ანდაზა …” – თურქეთში პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით ჟურნალისტი დააკავეს.

თურქეთის სასამართლომ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ცნობილი ჟურნალისტის სედეფ კაბასის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

ბრალდება ანდაზამ გამოიწვია, რომელიც ჟურნალისტმა, როგორც ოპოზიციურ ტელევიზიაში საუბრისას, ასევე საკუთარ Twitter-ის გვერდზე გამოიყენა.

– „არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ ხდება, მაგრამ სასახლე იქცევა ბეღლად“ – განაცხადა ჟურნალისტმა.

ერდოღანის პრესმდივანმა ფაჰრეთინ ალტუნმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ღირსება ქვეყნის ღირსებაა და ის გმობს შეურაცხყოფას პრეზიდენტისა და მისი ოფისის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის შეურაცხყოფა ქვეყნის კანონის თანახმად ერთი წლიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ერდოღანი პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტის შეურაცხყოფის ფაქტზე 160 169 გამოძიება დაიწყო, 35 507 საქმე აღიძრა და 12 881 მსჯავრდებული გამოვლინდა.

წყარო: itv.ge