„ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ჩვენი ქვეყნის საზიანო რეზოლუციას“ – ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი – “ევროპელი სოციალისტები”, საკუთარი თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას მოსაზრებებს ავრცელებს უკრაინის თემაზე მისაღებ რეზოლუციასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ფრიდონ ინჯიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ ნატოს მიმართ წარდგენილი მოთხოვნების შეფასებას, ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის და, მით უმეტეს, პარლამენტისათვის, რევოლუციურია! შესაბამისი მონაკვეთი ტექსტში მუქი შრიფტით არის გამოყოფილი.

ჯერ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას უკრაინასთან მიმართებაში რეზოლუცია არ მიუღია“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ. იგი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მიიღებს რეზოლუციას უკრაინასთან მიმართებაში, ეს უნდა იყოს საქართველოს სასიკეთო რეზოლუცია.

„მე მიმაჩნია, რომ თუ რეზოლუცია გაკეთდება, ის უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სასიკეთო. უფრო მეტიც, რეზოლუციით ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ, როგორც მხარე და თუ ჩვენ აღმოვჩნდით როგორც მხარე, რომელიმე სხვა ქვეყნებთან და, გინდათ, რუსეთთან, ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე შეიძლება გაგრძელდეს 2008 წლის მოვლენები და ეს მოვლენები შეიძლება დაიწყოს უკრაინაშიც. ეს მე არ მსურს. ჩვენ არ გვსურს ომი“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისი აზრით, ვიღაცისთვის ეს სიტუაცია შეიძლება იყოს სასიკეთო, მაგრამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის და არც უკრაინისთვის ეს არ იქნება სასიკეთო.

„ჩვენ არ გვჭირდება ომი და ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ. პირიქით, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ სიდინჯისკენ. ომი იქნება დამანგრეველი რეგიონისთვის და პირველ რიგში, უკრაინისთვის. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს“… „გამოჩნდა რაღაც სხივი ურთიერთობის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით. მხედველობაში მაქვს რუსეთის ის განცხადება, რომელიც გულისხმობს [ნატოსთან] 1997 წლის სტატუს-კვოს დაბრუნებას (ეს ქვეყნები, ეს ტერიტორიები და ბევრი სხვა). უნდა ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა დღევანდელი მინიტრი, 1997 წელს იყო გაეროში რუსეთის წარმომადგენელი და ის ადასტურებდა და ხმას აძლევდა იმას, რომ საქართველო ერთიანი ქვეყანაა თავისი აფხაზეთით, სამაჩაბლოთი და ყველა დანარჩენით. ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი და მათ ამ განცხადებაში შეიძლება ჩვენთვის სასიკეთო მივიღოთ და ამ რეზოლუციით, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ჩვენ არ აღმოვჩნდეთ დაპირისპირებაში და მხარედ არ გამოვიდეთ ჩვენ ვინმესთან“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისი თქმით, თუ რეზოლუციაში იქნება ისეთი რამ, რომელმაც შეიძლება ავნოს ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას, და არ იქნება ისეთი რამ, რომელიც საქართვლოს შეუძლია მომავალში ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს, რა თქმა უნდა, მისი პოლიტიკური ჯგუფი ამას მხარს არ დაუჭერს. „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ჩვენი ქვეყნის საზიანო რეზოლუციას“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.