ამ თემაზე ბევრი მოსაზრება გამოითქმის, თუმცა ძირითად ნაწილში ყველა თანხმდება – თუკი დასავლეთი რუსეთს გათიშავს ე. წ. “სვიფტიდან” (SWIFT – იშიფრება, როგორც: Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications ანუ “მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება”), დაზარალებული არა მხოლოდ და არა იმდენად რუსეთი აღმოჩნდება, რამდენადაც დასავლეთი, განსაკუთრებით – ევროპა.
კერძოდ, “სვიფტის” გარდა რუსულ ბანკებს შეუძლიათ, პარტნიორი ქვეყნების ბანკებთან, საკუთარი ალტერნატიული სატელეკომუნიკაციო სისტემების გამოყენება. მაგალითად, შესაბამისი სამუშაოები უკვე განხორციელებულია და დასავლეთისგან დამოუკიდებელი სისტემა მზადაა რუსეთსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება ევროპას, მას უფრო დიდი დისკომფორტი შეექმნება.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ჟურავლიოვი სააგენტო “ტასს”-თან საუბარში ამბობს, რომ თუკი რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ, ევროპული ქვეყნები ვეღარ მიიღებენ გაზს, ნავთობსა და ლითონებს.
“თუ რუსეთი SWIFT-ს გამოეთიშება, მაშინ ჩვენ ვეღარ მივიღებთ უცხოურ ვალუტას, მაგრამ მყიდველები, – პირველ რიგში ევროპის ქვეყნები, ვეღარ მიიღებენ ჩვენს საქონელს: ნავთობს, გაზს, ლითონებსა და მათი იმპორტის შემადგენელ სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს” – აღნიშნა ჟურავლიოვმა.
ცნობისათვის, ამჟამად ენერგოშემცველები, განსაკუთრებით – ბუნებრივი აირი, რეკორდულად მაღალ ფასებში იყიდება, რითაც ევროპა ბევრს ზარალობს. დეფიციტის ოდნავი გაძლიერება და არაერთი ძლიერი ევროპული ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის პირამდე მივა.
რაც მთავარია, რუსეთმა გასულ წლებში არაერთი ნაბიჯი გადადგა თავის ეკონომიკაზე ამერიკული დოლარის გავლენის შესამცირებლად – პარტნიორ ქვეყნებთან დაინერგა ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის პრაქტიკა, რამაც სავსებით გაამართლა. თუმცა რუსეთს ჯერ კიდევ სჭირდება ძირითადი დასავლური ვალუტები, მაგრამ, როგორც ცნობილია, რუსეთის სავალუტო რეზერვები 630 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.