მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში პოლიციამ, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერაციების შედეგად, დააკავა 2 პირი, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან: ინფორმაციას შშს ავრცელებს.
უწყების თანახმად, სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება მარტვილის ერთ-ერთ სოფელში დაკავებულს, პოლიციამ მის სახლში მდებარე სათავსოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღო.
“ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, — ამბობს შსს.
“ნეტგაზეთი”