სიმღერის “იავნანა” ტექსტის ავტორი, ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა

სიმღერის “იავნანა” ტექსტის ავტორი, ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი ლალი გულისაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ფოლკლორისტი ამირან არაბული წერს.

ის 66 წლის იყო.

“ჩემი ლექსების ახალ კრებულს ოთხშაბათს ლიტერატურის ინსტიტუტის დარაჯთან დაგიტოვებო, შემეხმიანა ერთი კვირის წინ. ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი…

დღეს გავედი, მოვიკითხე შენი წიგნი და ხელცარიელი შემოვბრუნდი შინ. ავად მენიშნა. შენ ხომ ყალბი დაპირება არ გჩვეოდა და სულ ცოტა ხანში ეს უმძიმესი ამბავი შემატყობინეს… ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვა არ მემორჩილება (ალბათ იმიტომ, რომ სიკვდილს ყველაზე მეტად დუმილი შეშვენის!).

ადამიანობაშიც გამორჩეული იყავი და პოეტურ შემოქმედებაშიც. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შენი ერთი ლექსი არაერთი თანამედროვე პოეტის ტომეულებს გადაწონის!..

აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე ლალი გულისაშვილი.

მშვიდობით დაო და მეგობარო. ადრე თუ გვიან ყველანი მანდ წამომსვლელები ვართ!..“, – წერს ამირან არაბული.