აფეთქებები უსაფრთხოების წესების დარღვევით ხდებოდა – ინსპექცია ტყიბულის ინციდენტზე

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, პირველადი მოკვლევის შედეგად, ტყიბულში, „საქნახშირის“ ქვანახშირის შახტებში სამუშაოების წარმოებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა, რის გამოც უბანი, სადაც გუშინდელი ინციდენტი მოხდა, დაიხურა.

30 იანვარს, საღამოს საათებში, ტყიბულის შახტში მომხდარ ინციდენტს ერთი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა და კიდევ 8 დააზიანა.

შრომის ინსპექცია ადგილის შესწავლის შემდეგ, პირველადი შეფასებით, აცხადებს, რომ საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით:

„აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას“.

ინსპექციის განმარტებით, არსებული რეგულაციით აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

„დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.

გამოვლენილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა საამფეთქებლო სამუშაოები და დახურა ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ინსპექტორთა ჯგუფი წინა ღამიდან მოყოლებული, ამ დრომდე აგრძელებს ადგილზე მოკვლევას.

ექიმების ცნობით, ტყიბულში წუხელ დაშავებული 8 მეშახტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთისა კი განსაკუთრებით მძიმე.

 

“ნეტგაზეთი”