აშშ-მა და რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოზე იკამათეს

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის კამათი მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სხდომა ვაშინგტონის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინის საზღვართან რუსუთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი განიხილებოდა.

როგორც გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა-თომას გრინფილდმა განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ყველაზე მასშტაბურია ბოლო ათწლეულების განმავლობაში.  მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ აგრესიას განახორციელებს, ვერავინ იტყვის, რომ ეს მოსალოდნელი არ იყო და შედეგები საშინელი იქნება.

თავის მხრივ, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ აშშ ისტერიის გაღვივებაში დაადანაშაულა.  მან განაცხადა, რომ აშშ-ს უბრალოდ მოსაზრებების გარდა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის მომზადების არანაირი მტკიცებულება არა აქვს. “საიდან მოიტანეთ ეს ციფრი – 100 ათასი სამხედრო? თქვენ ამას ამტკიცებთ, მაგრამ ეს ასე არ არის“ – განაცხადა ნებენზიამ.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მომხდარი კამათის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ-მა და ნატომ იციან ის, რაც საკუთარი თვალით ნახეს.