უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ პანიკის დათესვა კიევს აზარალებს.
მისი თქმით, ამჟამად ომის დაწყების საფრთხე რეალური არ არის და საჭიროების შემთხვევაში უკრაინას 2.5 მილიონამდე ადამიანის ჯარში გაწვევა შეუძლია.
„შემოჭრისთვის მოსამზადებელ პერიოდს შეიძლება, სამიდან შვიდ დღემდე დასჭირდეს, ამას მთელი მსოფლიო შეამჩნევს და ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს. ჩვენ ნათლად გვესმის რა ხდება და ამისთვის მშვიდად ვემზადებით. აშშ-ის, ბრიტანეთის, ავსტრალიის, გერმანიისა და კანადის მიერ დიპლომატების კიევიდან გაყვანის ნაბიჯი ჩვენთვის სასიამოვნო არ იყო, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ახლა საფრთხე არსებობს.
ჩვენ ვერ დავუშვებთ პანიკას დათესვას ქვეყანაში. ძალიან რთულია ეკონომიკურ ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება, როცა ყველა მედია ყოველდღე იძახის, რომ ომი ხვალ დაიწყება, პანიკა დამარცხების საწინდარია. რუსებს შემოჭრის შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სამხედროების მიერ გაეცემათ პასუხი, ჩვენ 2,5 მილიონამდე ადამიანის ჯარში გაწვევა შეგვიძლია“, – აღნიშნა დანილოვმა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მინსკის შეთანხმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შესრულება კიევისთვის დამღუპველი იქნება, ამიტომ შეთანხმების კორექტირებაა საჭირო.
გარდა ამისა, დანილოვმა გერმანია გააკრიტიკა, რადგან, მისი თქმით, დასავლელი პარტნიორისგან უკრაინა სათანადო მხარდაჭერას არ გრძნობს.
„მინსკის შეთანხმების შესრულება ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. თუ დაჟინებით მოითხოვენ მინსკის შეთანხმებების შესრულებას, ეს ძალიან საშიში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
სამწუხაროდ, გერმანიას არ გამოუთქვამს მწუხარება მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობისთვის. ისინი ბოდიშს უხდიან რუსებს, თითქოს, ჩვენ ერთი ქვეყანა ვიყოთ. მაშინ არ უნდა ილაპარაკონ დემოკრატიაზე და თქვან, რომ მხარს უჭერენ ავტორიტარულ რეჟიმებს და მათი პარტნიორები არიან“, – განაცხადა დანილოვმა.