“დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით”…

“დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით…” – ჯონ ტეფტი 2008 წლის ომზე და უკრაინაზე.

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინი იმ დროის დაბრუნებას ცდილობს, როცა უკრაინა ჰეგემონი რუსეთის გავლენის სფერო იყო. მისივე აზრით, რუსეთის მიზანია ჩამოშალოს ყველაფერი, რაც ევროპული უსაფრთხოების სისტემისთვის გაკეთებულა.

ტეფტი იხსენებს 2008 წლის ომს და ამბობს, რომ როცა რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში წვრთნებს ატარებდა, შემდეგ დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან. ახლა კი რუსეთი ამბობს, რომ წვრთნებს უკრაინის საზღვართან ატარებს.

– “დიახ, მე მაშინ იქ ვიყავი, მამაცი საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით… 10-დან 20 თებერვლამდე, რუსეთი ე.წ. წვრთნებს ატარებს ბელარუსში, ბელარუს სამხედროებთან ერთად. 20 თებერვლისთვის ოლიმპიადა პეკინში დასასრულს მიუახლოვდება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პუტინი არაფერს მოიმოქმედებს ოლიმპიადის დროს, რათა საკუთარი მეგობარი, ჩინეთის პრეზიდენტი სი არ დაჩრდილოს …

– ნებისმიერ ქართველს ჰკითხეთ, ახსოვს თუ არა, რა მოხდა 2008 წელს, როდესაც მსგავსი წვრთნები ჩრდილო კავკასიაში მიმდინარეობდა – წვრთნების შემდეგ რუსული დანაყოფები სახლში არ დაბრუნებულან, ისინი საქართველოში შემოიჭრნენ. თანაც, მაშინაც ოლიმპიადა იყო და მაშინაც ჩინეთში. მოკლედ, ბევრი დამაფიქრებელი პარალელია… რუსეთი მზად იყო შემოსაჭრელად. ეს იყო მანევრი, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც კონდოლიზა რაისთან სატელეფონო ზარის დროს – რომ მათი მიზანი იყო, თბილისში მთავრობა შეეცვალათ. ახლახან, როდესაც ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთი ემიგრაციაში მყოფ ზოგ ყოფილ უკრაინელ ლიდერს ესაუბრებოდა, ეს კიდევ ერთხელ გამახსენდა…” – ამბობს ის.

მისივე აზრით, რა მოხდება შემდეგ, მხოლოდ რუსეთმა იცის, რადგან ის ერთადერთი, ვისაც “აღლუმი მიჰყავს”.

წყარო: ptn.ge