სილქნეტის ახალ ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს ამერიკისა და ევროპის მაღალი ხარისხის, ინსტიტუციურმა საინვესტიციო კომპანიებმა. ასევე, ობლიგაციები პირველად შევა JP Morgan-ის განვითარებადი ბაზრების CEMBI ინდექსში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა სილქნეტის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა.
გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „ობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება, საერთაშორისო ბაზრებზე სილქნეტისა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ ერთი დასტურია. მინდა მივულოცო სილქნეტის გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, ევრობონდების წარმატებული განთავსება. მოზიდული თანხებით კომპანია გააგრძელებს ქვეყანაში საუკეთესო სატელეკომუნიკაციო სერვისების დანერგვასა და განვითარებას.“
დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ სილქნეტმა წარმატებით განახორციელა ახალი ობლიგაციების გამოშვება და კომპანიამ მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსი. 2019 წელს ევრობონდების პირველი ემისიის შემდეგ, სილქნეტმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქსელის მოდერნიზაციაში, საქართველოში ერთადერთმა დანერგა გიგაბიტ LTE – 4.9G მობილური ქსელი. ასევე, წარმატებით დავასრულეთ IT ტრანსფორმაციის 2-წლიანი პროცესი. ახალი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გავაგრძელოთ კომპანიის განვითარება და ჩვენი აბონენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სიახლე და ინოვაცია დავნერგოთ.“
გამოშვებული ობლიგაციებიდან მოზიდული სახსრებით მოხდება არსებული ვალდებულებების რეფინანსირება და კომპანიის შემდგომი განვითარების დაფინანსება. ობლიგაციების ემისიის ბუქრანერები ერთობლივად იყვნენ JP Morgan და UBS, ასევე თანამმართველი იყო თიბისი კაპიტალი. Dentons სილქნეტის, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal – თანამმართველების იურიდიული მრჩევლები იყვნენ.
“ნეტგაზეთი”