რუსეთმა ბელარუსში 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა – იენს სტოლტენბერგი

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ორეტაპიანი სამხედრო მანევრები დაიწყო, რასაც ოფიციალურად „სამოკავშირეო სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმებას“უწოდებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა ბელარუსში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი და თანამედროვე შეიარაღება გადაისროლა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ბელარუსის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მოძრაობა დაფიქსირდა. ცივი ომის შემდეგ, ეს ბელარუსში რუსეთის ძალების ყველაზე დიდი განლაგებაა. საუბარია 30 000 ჯარისკაცზე, სპეცდანიშნულების ძალებზე, გამანადგურებლებზე, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემებსა და С-400-ზე. ანუ, თანამედროვე რუსული შეიარაღების ფართო სპექტრს ვხედავთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.