გამომძიებელი ამბობს, რომ ელგუჯა ცომაიას სახლში მიხეილ სააკაშვილის ნახვა “გაუკვირდათ” – მოწმეების გამოკითხვა სასამართლოში.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროკურატურის რამდენიმე მოწმე გამოკითხეს. მათ შორის ერთ-ერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი, იოსებ დიღმელაშვილი იყო. ის ელგუჯა ცომაიას ჩხრეკაში იღებდა მონაწილეობას და ამის შემდეგ მის ბინაშიც იმყოფებოდა, სადაც მესამე პრეზიდენტი დააკავეს.
დიღმელაშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ ცომაიას ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას მხოლოდ მობილური ტელეფონი და ე.წ. მყარი დისკი ამოიღეს, ამის შემდეგ კი მის საცხოვრებელი სახლისკენ გაემართნენ.
პოლიციის თანამშრომლის თქმით, ისინი ბინაში იარაღის ამოსაღებად მივიდნენ, რომელიც ცომაიამ სახლში შესვლის შემდეგ მათ ნებაყოფლობით ჩააბარა. მანვე აღნიშნა, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ იქ მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.
– “ელგუჯა ცომაიამ სახლის კარები რომ გაიღო, დერეფანში დავინახეთ მიხეილ სააკაშვილი. შევიდნენ ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც ფეხდაფეხ ჩვენც შევყევით შესაბამისად, იცნეს მათ სააკაშვილი…” – ამბობს გამომძიებელი.
ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის კითხვას – გამოიწვია თუ არა მესამე პრეზიდენტის დანახვამ მათი გაკვირვება, ის პასუხობს:
– “გაკვირვება გავიგეთ, რომ “ვაიმე” და ნუ, ყველას გაუკვირდა რა თქმა უნდა, თავად მეც გამიკვირდა” – თქვა იოსებ დიღმელაშვილმა.
კითხვაზე – ხომ არ გაუწევია მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცველებისთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა, გამომძიებელმა თქვა, რომ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
– “ბატონო მიხეილ პოლიციიდან ვართო და ბატონმა მიხეილმა, ხო ნუ, რა ვქნა, იყავითო. მეტი არაფერი” – თქვა გამომძიებელმა.
საზღვრის კვეთის საქმეზე დღევანდელი სასამართლო პროცესი უკვე დასრულდა. მომდევნო სხდომა 24 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებსა აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. მათ რამდენიმე დღის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
წყარო: ptn.ge