“არ დაგიმალავთ და ეს სახელი და გვარი ვიცი, ხშირად გამოდის ტელევიზიით” – მდინარაძე

მდინარაძის თქმით, მედიისგან გაიგო, რომ პროკურორი კაციტაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატია.

მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატების შერჩევა დასრულდა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” ლელა ჯანაშვილს პერსონალური მონაცემების სამსახურის ხელმძღვანელად დაუჭერს მხარს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი – პროკურორ კოკა კაციტაძეს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელმძღვანელები გახდებიან ის პირები, რომლებსაც “ქართული ოცნების” ნდობა აქვთ და მათ ინტერესებს გაატარებენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ კონკურსი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

ამასთან, “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მედიისგან გაიგო, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი კანდიდატი პროკურორი კოკა კაციტაძეა.

– “არ დაგიმალავთ და ეს სახელი და გვარი ვიცი, ხშირად გამოდის ტელევიზიით, მაგრამ კანდიდატი რომ იყო, ახლა გავიგე თქვენგან, ეს ერთი, როგორც ვიცი იქ ბევრი კანდიდატია – ეს მეორე, თქვენ თუ ამოარჩიეთ მისი პროფესიონალიზმისა და თვისებების გამო, ვინც შეიძლება საბოლოოდ აირჩეს და მასზე დარტყმას ახორციელებთ, ამაში მე ვერ დაგეხმარებით” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, თამარ ალფაიძე, კახა მაღრაძე და ლელა ჯანაშვილი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელობის კანდიდატებად, ელენე ალავერდაშვილი ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებად შეირჩნენ.

მათ შორის 2-2 კანდიდატს პრემიერი ღარიბაშვილი აარჩევს და მონაცემებს პარლამენტში გადააგზავნის, ამის შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოში სამსახურის ხელმძღვანელებს აარჩევენ.

სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ შერჩეული კანდიდატები არაკვალიფიციურები არიან და კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს.

წყარო: newposts.ge