კორონავირუსის ახალი სტატისტიკის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30,36%-ს აღწევს. “ომიკრონის” მთავარი სამიზნე ისევ დედაქალაქია. თბილისში ბოლო 24 საათში 10 667 ადამიანი დაინფიცირდა.
სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ თავის დაცვისკენ მოუწოდებს და ამბობენ, რომ სიფრთხილის ზომების გაძლიერებას ურჩევენ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რეალურ და მთავარ გამოსავლად ბუსტერ დოზას მიიჩნევს.
“თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია “ომიკრონის” შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბუსტერ დოზის მნიშვნელობას. ბუსტერ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ გაზრდილია მიმართვიანობა, ასევე ტესტირების რაოდენობა, თუმცა ვაქცინაციის ჩატარების მსურველთა რიცხვი არ იზრდება.
“ვფიქრობ, ვიმყოფებით უკვე პიკში და ალბათ კიდევ უფრო მოიმატებს პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში. შესაბამისად, მიმართვიანობამაც მოიმატა, მოიმატა ტესტირების მსურველთა რაოდენობამ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ.
დელტას შემთხვევაში ბევრად მეტი იყო მძიმე პაციენტები და შედარებით ნაკლებია “ომიკრონის” შემთხვევაში. თუმცა მათ, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ვისაც აქვს მძიმე მიმდინარეობა, მკურნალობის პრინციპი ერთი და იგივეა,“ – ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.
“რუსთავი2”