საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები უკვე მე-6 დღეა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტ აქციას მართავენ.
გიული ალასანიამ მოქალაქეებს მესამე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში არათუ მკურნალობა, შესაბამისი გამოკვლევებიც არ უტარდება, რაც ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომაა.
“ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ მათი დიდი შეცდომაა. ბოლოს და ბოლოს არის ყოფილი პრეზიდენტი და დღეს ძალიან ბევრი ქვეყნის ყურადღება არის აქეთ. მარტო მკურნალობაზე არ არის ლაპარაკი, ფაქტობრივად, გამოკვლევაც არ ჩატარებია. ყველაზე კარგი დამოკიდებულება შედარებით იყო პირველად გორში რომ აღმოჩნდა, სადაც უშვებდნენ ექიმს. იქ იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც დაჭირდა ჩარევა და აღმოუჩინეს დახმარება. ეს მდგომარეობა, რომელიც გორის შემდეგ დაიწყო, ყველასთვის გაუგებარია. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ასე არიან ჩართული”, – თქვა გიული ალასანიამ.