უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური ჯგუფი დაიწყებს მუშაობას

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინის რადაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

კიევში ქართველ ოპოზიციონერებსა და უკრაინელ დეპუტატებს შორის შეხვედრების მთავარი საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობასა და მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას ეხებოდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური ჯგუფი დაიწყებს მუშაობას. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საკითხს საკანონმდებლო ორგანოში 15 თებერვალს საპარლამენტო სესიაზე ოფიციალურად დააყენებენ.

პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნა იგეგმება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოშიც. “ნაციონალურ მოძრაობას” ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებული აქვს.

– “მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში საჭიროა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიპლომატიური არხებით მუშაობა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და ამ დრომდე იურიდიულად იკავებს მაღალ თანამდებობას, ამიტომ რაც დღეს ხდება, კატეგორიულად არ გვაწყობს. ეს უკვე არის ჰუმანიტარული მისია და ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმოქმედოს და გადმოგვცეს მიხეილი, მით უმეტეს, რომ ამის იურიდიული ბერკეტები აქვს. ჩვენ კომუნიკაციები გვქონდა ჩვენი დიპლომატიური უწყებების საშუალებით და მე თავად ვაპირებ მიხეილის მონახულებას. თუ ამის შესაძლებლობა იქნება, იქნებ უკრაინელი ექიმებიც ჩამოვიყვანოთ, რათა არსებობდეს ალტერნატიული მოსაზრებაც. ჩვენი ექიმები დისტანციურად ამბობენ, რომ არსებობს ინსულტის, ან გულსისხლძარღვთა დაავადების რისკები და მიხეილის დღევანდელი მდგომარეობა ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის, მას ახლა სიმშვიდე სჭირდება, მათ შორის ფსიქოლოგიური სიმშვიდე, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს” – თქვა უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

წყარო: newposts.ge