უნგრეთმა NATO-ს კიბერცენტრში უკრაინის გაწევრიანებას ვეტო დაადო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთმა NATO-ს კიბერ თავდაცვის ცენტრში (CCDCOE) უკრაინის გაწევრიანებას ვეტო დაადო.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ უკრაინის ცენტრში გაწევრიანებას ერთ-ერთი მოკავშირე ბლოკავდა. Европейская правда-ს კი წყარომ დაუდასტურა, რომ ვეტო სწორედ უნგრეთმა გამოიყენა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ უკრაინა ომშია და კიბერშეტევები მუდმივად ხდება.

NATO-ს კიბერცენტრში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის დამტკიცების პროცედურა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო და დაკმაყოფილების შემთხვევაში ის წევრი 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა გამხდარიყო. ალიანსს შეუძლია განცხადებას განხილვას კვლავ დაუბრუნდეს, თუმცა, რადგან ცენტრის საბჭოს სხდომები წელიწადში მხოლოდ ორჯერ იმართება, უკრაინა წევრი 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ გახდება.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე ორბინმა პუტინს უნგრეთისთვის გაზის მიწოდების გაზრდა სთხოვა.

უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ 27 იანვარს თქვა, რომ თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი.