ბაკურიანში საბაგიროდან მგზავრების ჩამოყვანის ოპერაცია დასრულდა. აღნიშნულის საჭიროება 6 თებერვლის საღამოს, მას შემდეგ დადგა, რაც საბაგირო დროებით გამოირთო.
სამთო კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებით, რომელსაც ბაკურიანის საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული, შემთხვევის მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.
“გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”, — ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ავარიის მიზეზების შესასწავლად სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სამთო კურორტების განვითარების კომპანიაში ინსპექციას განახორციელებს.
“შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.
ინსპექტირების შედეგების შესახებ, საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული”, — აღნიშნავს უწყება.
განცხადება ასევე გაავრცელა “ენერგო-პრო ჯორჯიამ”, რომელიც ამბობს, რომ მიტარბიში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა მისი მიზეზით არ მომხდარა.
“მიტარბიში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით, ადგილი არ ჰქონია”, — დასძენს კომპანია.
მისი თქმით, მკვებავი ქსელი შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით.
“ნეტგაზეთი”