მირიანმა მამას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო… ვინ იყო უფლისწული, რომელსაც დავით გურამიშვილმა “დავითიანი” მიაბარა

ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტოს წარმომადგენელი მირიან ბატონიშვილი (1767-1834) გახლდათ მეფე ერეკლე II-ის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც სახელმწიფო მოღვაწეობას ჭაბუკობიდან შეუდგა.

მას მინიჭებული ჰქონდა რუსეთის არმიის გენერლისა და ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდებები. იყო საიმპერიო სენატის წევრი და წმინდა ანას I ხარისხის ორდენის კავალერი. ამის პარალელურად, იგი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბაგრატიონთა დინასტიის კახეთისა და ქართლის შტოების დემოგრაფიული განვითარების ისტორიის ცალკეული საკითხების შესწავლას არაერთი ნაშრომი მივუძღვენით.

მეფე ერეკლე II (1720-1798) სამჯერ დაოჯახდა. მისი პირველი მეუღლე იყო ქეთევან ზაალის ასული მხეიძე (ფხეიძე), მეორე – ანა ზაალის ასული აბაშიძე (1730-1749), ხოლო მესამე – დარეჯან კაციას (გიორგის) ასული დადიანი (1734-1807).

დარეჯანი იყო ოტია დადიანის (მთავრობდა 1728-1757 წლებში) ძმის – კაციას (გიორგის) ასული. ამ ქორწინებაში 23 ბატონიშვილი დაიბადა.

მირიანი – ერეკლე II-ისა და დარეჯან დადიანის რიგით მეთერთმეტე შვილი, 1767 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. ყრმა უფლისწულს იმ მეფის სახელი დაარქვეს, რომელმაც 326 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

მირიანს ნახევარძმად ეკუთვნოდა მეფე გიორგი XII, რომელიც ერეკლე II-ს მეორე ქორწინებიდან შეეძინა. მირიანის დანარჩენი (ღვიძლი) ძმებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ XVIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიაში.

ქართველი დიპლომატი და რუსეთის სამხედრო მოღვაწე

ქართლ-კახეთის სამეფოს მართვა-გამგეობაში უფლისწული მირიანი ჭაბუკობიდან მონაწილეობდა. გვირგვინოსანი მამის სურვილის შესაბამისად, იგი ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩართეს რუსეთში მიმავალი დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში.

მირიანი იყენებდა რვაკუთხა ფორმის საუფლისწულო ბეჭედს, რომელზეც ამოტვიფრული იყო ოთხსტრიქონიანი ლეგენდა ქართულ ენაზე (მხედრული შრიფტით): “დავითის ტომთა სქესისა, ძე ვარ ირაკლი მეფისა, მირიან”.

კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის მიერ 1768 წლის 20 თებერვალს გაცემულ დოკუმენტს – “წყალობის წიგნი სოლომონ კუალიაშვილისადმი” ერთვის როგორც ანტონ I-ის ხელრთვა, ასევე, ერეკლე II-ის, დედოფალ დარეჯან დადიანისა და მათი რამდენიმე ვაჟის ბეჭედი. მათ შორის არის მირიანის ბეჭედიც – ზემოხსენებული ლეგენდით.

1780 წლის 2 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტს – “წყალობის წიგნი ანტონ I-ისა სახლთხუცეს ამილბარ მაღალაძისადმი” ერთვის როგორც კათოლიკოს-პატრიარქის ხელმოწერა, ასევე, ქართლ-კახეთის მეფე-დედოფლისა და მათი რამდენიმე ვაჟის ბეჭედი, მათ შორის – მირიანისაც.

მირიანის ბეჭდით ასევე დამოწმებულია შემდეგი განჩინებანი: 1779 წლის 20 ივნისით დათარიღებული “განჩინება სოლომონ ბეგთაბეგიშვილის ყმების საქმეზე”; 1780 წლის 21 ივლისით დათარიღებული “განჩინება ადამ ყარანგოზიშვილისა და ივანე ბურდულის მამულის საქმეზე”; 1781 წლის 19 იანვრით დათარიღებული “განჩინება საგინაშვილების ყმების დათუაშვილების საქმეზე”; 1782 წლის 22 ივნისით დათარიღებული “განჩინება შერმაზან აფხაზისშვილის მკვლელობის საქმეზე”; 1783 წლის 3 აპრილით დათარიღებული “განჩინება არქიმანდრიტ ანტონისა და ბაყალ მიკირტუმას სახლების საქმეზე”; 1783 წლის 19 ოქტომბრით დათარიღებული “განჩინება გივი და უთრუთ ციციშვილების გაყრის საქმეზე”; 1784 წლის 8 იანვრით დათარიღებული “განჩინება გოსტაშაბიშვილებისა და ციციშვილების მამულის საქმეზე”; 1784 წლის 11 თებერვლით დათარიღებული “განჩინება მზეჭაბუკ მდივანბეგის ყმების შაბაშვილების საქმეზე” და სხვ.

1782 წლის 12 აგვისტოს ერეკლე II-მ უბრძანა თავლიდარ ნასყიდას, მირიანის მსახურის – ყულუხჩ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ხელწერილით გადაეცა ხუთი მინალთუნის ღირებულების ფარჩა.

1783 წელს გეორგიევსკში ხელმოწერილი მფარველობითი ტრაქტატის შემდეგ, ერეკლე II-მ ეკატერინე II-სთან გაგზავნა საგანგებო დელეგაცია გარსევან ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ჩარიცხეს იეროდიაკვანი ანტონი (ერისკაცობაში – უფლისწული თეიმურაზ ერეკლეს ძე, მომავალში – კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II) და მისი უმცროსი ძმა მირიანი.

1784 წლის მაისის მიწურულს ქართლ-კახეთის დიპლომატიური მისია ამალითურთ რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა. 20 სექტემბერს იმპერატრიცამ მიიღო დელეგაციის მეთაური გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც ეკატერინე II-ს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

მირიანი საკუთარი ნებით ჩაირიცხა იმპერიის შეიარაღებულ ძალებში შემავალ იზიუმის საკავალერიო პოლკში, სადაც ეკატერინე II-ის ბრძანებით, მას პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

ბაგრატ ბატონიშვილი (1776-1841) მოგვითხრობს: “წელსა 1784 წარავლინა მეფემან ირაკლიმ როსიად ძენი თვისნი ანტონი – შემონაზვნებული მთავარ-დიაკონი და მირიან, რომელსაც უბოძა იმპერატრიცამ პოლკოვნიკობა ცხენოსანს ჯარში”.

მირიანმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომში.

ძმები – ანტონ და მირიან ბაგრატიონები სამი წლის განმავლობაში პეტერბურგში ცხოვრობდნენ. მათთან ახლო კავშირი ჰქონდა ქართული წარმომავლობის რუს სახელმწიფო მოღვაწეს, საიდუმლო მრჩეველს, საგარეო საქმეთა კოლეგიის წევრს სერგეი ლაზარეს ძე ლაშქარიოვს (1739-1814), რომლის ნამდვილი გვარიც იყო ბიბილური. 1787-1788 წლებში ბატონიშვილები ცხოვრობდნენ კრემენჩუგში, გენერალ-ფელდმარშალ გრიგორი პოტიომკინთან, რომელსაც ევალებოდა რუსულ-ქართული ურთიერთობების გაძღოლა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს უფლისწულები საპატიო მძევლები იყვნენ.

მირიანს მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან და თავის გვირგვინოსან მამასთანაც. ერეკლე II-მ მირიანს მისწერა, რათა მას დაესვა საკითხი რუსეთის ხელისუფლების წინაშე და აეცილებინა აღა-მაჰმად-ხანის მოსალოდნელი თავდასხმა საქართველოზე. მას შემდეგ კი, რაც ეს თავდასხმა მოხდა, ამის თაობაზე მეფემ შვილს დაუყოვნებლივ შეატყობინა. კრწანისის ბრძოლიდან სულ რამდენიმე დღეში, 1795 წლის 15 სექტემბერს, ერეკლე II თავის ვაჟს მირიანს და გარსევან ჭავჭავაძეს შესჩიოდა – ფიცით რომ არ ვყოფილიყავით დაკავშირებული რუსეთთან და აღა-მაჰმად-ხანთან თანხმობა გვქონოდა, ეს უბედურება არ დაგვატყდებოდაო.

გარსევან ჭავჭავაძე შეძლებისდაგვარად მფარველობდა უფლისწულს და ფინანსურადაც ეხმარებოდა. 1795 წელს მან მირიანს ათასი რუბლი ასესხა.

რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფი უფლისწული სწრაფად მიიწევდა წინ კარიერულ კიბეზე. 1793 წელს მას მიენიჭა გენერალ-მაიორის, ხოლო შემდგომში – გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდებები.

მირიანი მსახურობდა კავკასიის სამხედრო ხაზზე განლაგებული რუსთა ჯარის სარდლის, გენერალ-ფელდმარშალ გრაფ ივან ვასილის ძე გუდოვიჩის არმიაში და ირიცხებოდა ყაბარდოს ქვეითი პოლკის შეფად (1796-1798). იგი იყო რუსეთის სენატის წევრი, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება.

ოლონელი მეცნიერი იან პოტოცკი (1761-1815) თავის მოგონებებში მიუთითებდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობისას შეხვდა მირიანს. 1797 წლის 1-ლ დეკემბერს პოტოცკიმ თავის დღიურში ჩაწერა: “ეკატერინოგრადში მე საქართველოს მეფის ძის, უფლისწულ მირიანის სტუმარი ვარ, რომელიც რუსეთის არმიაში გენერალ-მაიორის ჩინით მსახურობს. ახალგაზრდა ბატონმა მშვენივრად იცის რამდენიმე ენა და აზიის ისტორია”.

გვირვინოსანი მამის ავადმყოფობის შესახებ ცნობის მიღებისთანავე, მირიანი მოზდოკიდან საქართველოსკენ გამოემგზავრა. მას თან ახლდა ადიუტანტი შენშინი და გერმანული წარმომავლობის ასტრახანელი ექიმი გირთციუსი, რომელსაც ერეკლე II-ისთვის უნდა ემკურნალა. მირიანმა მამას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო. იგი დაესწრო მეფის დაკრძალვას, რის შემდეგაც, რუსეთის არმიაში სამსახურიდან თავისი სურვილით გათავისუფლდა. მირიანი სამშობლოში აპირებდა დარჩენას, თუმცა განგებამ სხვაგვარად განსაჯა.

დაქვრივებული დედოფალი დარეჯანი 1798 წლის მარტში იმპერატორ პავლე I-სადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, დაგვიბრუნდა მირიანი, რომელიც “14 წელი არ გვინახავსო”.

მირიანი მხარს უჭერდა თავის უფროს ღვიძლ ძმას იულონს, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე. იულონის მომხრენი განსაკუთრებით გააქტიურდნენ გიორგი XII-ის გარდაცვალებისა (1800 წლის 28 დეკემბერი) და პავლე I-ის მიერ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრედ ჯერ კიდევ 1799 წელს აღიარებული დავით ბატონიშვილის (1767-1819) ამ სამეფოს გამგებლად დადგინების შემდეგ.

სამეფოს გამგებლის, უფლისწულ დავითის წინააღმდეგ გაერთიანებული მისი ბიძები (გიორგი XII-ის ნახევარძმები) თავიანთი პრეტენზიის საფუძვლად იყენებდნენ ერეკლე II-ის მიერ 1791 წელს შედგენილ დოკუმენტს – “განწესებანი”, რომელიც მეფემ დარეჯან დედოფლის ჩაგონებით დაწერა. მართალია, მეფემ შემდგომში თავადვე უარყო ეს დოკუმენტი, მაგრამ მან უფლისწულთა შორის უთანხმოება მაინც გამოიწვია.

პლატონ იოსელიანი აღნიშნავს, რომ დარეჯან დადიანის ვაჟებს და მათ შორის, მირიანსაც “სურდათ აღსრულებულიყო მეფისა ირაკლისა უგვანი ანდერძი დასაღუპავად ქვეყნისა შედგენილი. ანდერძითა ამით უნდა მისცემოდა მეფობა პირველსა – იულონსა, მერეთ – ვახტანგსა, მერეთ – მირიანსა, მერეთ – ალექსანდრეს, მერეთ უკანასკნელსა შვილსა ირაკლისსა – ფარნაოზს. შემდეგ ამათსა უნდა გარდასულიყო გვირგვინი მეფობისა მეფისა გიორგისა შვილებზედ, ე.ი. პირველად უნდა მისცემოდა მეფობა დავითსა, მერეთ იოანეს, მერეთ ბაგრატს, მერეთ თეიმურაზს, მერეთ მიხაილს და სხვათა. შემდეგ ამათსა მეფობა უნდა გარდასულიყო იულონის შვილზედ, მერეთ ვახტანგისა შვილზედ და სხვა… მეფესა გიორგის სხვაცა აქვნდა ანდერძი მამისაგან დაწერილი. ამა ანდერძით ირღვეოდა ანდერძი, გამოცხადებული დარეჯან დედოფლისაგან. ესე იყო მიზეზი, რომელმანცა დაბადა შფოთი ძმათა შორის და გადაუყენა ერთგულობიდამ მრავალნი”.

 

1800 წლის 20 დეკემბერს, როდესაც გიორგი XII ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მისმა ნახევარძმებმა – იულონმა, ვახტანგმა (ალმასხანმა) და მირიანმა მოწოდებით მიმართეს გორის მოსახლეობას, მხარი დაეჭირათ იულონის გამეფებისთვის.

პ. იოსელიანივე გვამცნობს, რომ 1801 წლის 14 იანვარს თბილისში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე I-ის სიგელი უფლისწულ დავით გიორგის ძის სამეფოს გამგებლად დადგინების შესახებ, რომელიც “სცნესცა ყოველგან. გარნა არა მიიღეს არცა ბიძათა მისთა და არცა დედოფალმან დარეჯან… იულონი, ვახტანგ, მირიან, ფარნაოზ შეგროვდნენ დუშეთს, აქედამ მივიდნენ მუხრანს და უნებდათ დაეგვირგვინებინათ მეფედ იულონ მცხეთას. ლაზარევმან, რჩევითა თვით მემკვიდრისა დავითისა, წარგზავნა მუნ 250 სალდათი. ამან დააბრკოლა განზრახვა მათი”.

რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრები რაც შეიძლება სწრაფად გადაესახლებინა პეტერბურგში, სადაც მათი ცხოვრება, მუდმივად მოჯანყე ქვეყანაში ყოფნისგან განსხვავებით, იმპერიის ინტერესებისთვის საშიში აღარ იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავისი ღვიძლი ძმების: იულონის, ვახტანგის (ალმასხანის), ალექსანდრესა და ფარნავაზისაგან განსხვავებით, მირიანს არ უბრძოლია რუსეთის წინააღმდეგ, იგი მაინც გადასახლებულთა შორის აღმოჩნდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან მირიანი ყველაზე ადრე გაასახლეს, თორემ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მას მხარი დაეჭირა ძმებისთვის.

პენსიაზე მყოფი გადამდგარი გენერალი მირიანი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა თავისი მთავარსარდლის – იმპერატორის მოთხოვნას და სამშობლო დაეტოვებინა. 1801 წლის 15 მარტს იგი ჩრდილოეთისკენ გაემგზავრა. ამის შემდეგ იგი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთში, ძირითადად – სანქტ-პეტერბურგში, ხოლო დროდადრო – მოსკოვშიც.

საუფლისწულო მამულები

გვირგვინოსანმა მამამ თავის ძეს – მირიანს სხვადასხვა დროს უბოძა ყმები და ასევე მამულები კახეთსა და შიდა ქართლში. ქვემოთ თანამიმდევრულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ.

მირიან ბაგრატიონის კუთვნილი საუფლისწულო მამულებიდან თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა ყანდიაური, რომელიც ისტორიულ გარეკახეთში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე გაშენებული სოფელია. ამ ანთროპონომიული წარმომავლობის ტოპონიმს საფუძვლად უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი – ყანდია. სოფლის თანამედროვე დასახელებაა ყანდაურა (შედის საგარეჯოს რაიონში).

ყანდიაური საყურადღებო ისტორიული წარსულით გამოირჩევა. სოფელი ძველთაგანვე შეწირული იყო ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრისადმი. შაჰ-აბას I-ის გამანადგურებელი ლაშქრობების შედეგად კახეთს აუნაზღაურებელი ზარალი მიადგა. განსაკუთრებით დაზარალდა გარეკახეთი. მოსახლეობის ნაწილი მტერთან ბრძოლას შეეწირა, ხოლო ნაწილი სპარსეთში დაასახლეს. უამრავი დასახლებული პუნქტი ნასოფლარად იქცა. მათ შორის იყო ყანდიაურიც. მტრისგან აოხრებული ეს სოფელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში დაუსახლებელი რჩებოდა.

XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედში, ერეკლე II-მ ნასოფლარ ყანდიაურის აღორძინება დაიწყო. აქ სხვადასხვა დროს დამკვიდრდნენ შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭიდან და სამეგრელოდან გადმოსახლებულები. ამ სოფლის აღდგენის მნიშვნელობაზე მეტყველებს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის მიერ 1797 წლის 23 თებერვალს გამოცემული განჩინება “სოფელ ყანდიაურის თაობაზე”, რომელშიც ვკითხულობთ: “ქ. ყანდიაური სოფელი ძველთაგანვე ალავერდის წმიდის გიორგის ეკლესიის შეწირული არის და შაჰ აბაზ ყეენს რომ კახეთი მოუოხრებია, მასუკან ხარაბათ (დაუსახლებელი. – დ.ჯ.) იყო, რომ ყანდიაურის სოფელში შენობა აღარა ყოფილა. ახლა მისმა უმაღლესობამ, მეფემან ქართლისამან და მეფემან კახთამან და სხვათა ირაკლი მეორემან იგულა და იგულისმოდგინა ამ ყანდიაურის სოფლის გაკეთება, მოიყვანა და თავისი სახასო კაცნი დაასახლა და სხვაც მრავალი ხარჯი ჰქმნა.

ახლა ჩვენ, ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან, ალავერდელმან, ძემან მისის უმაღლესობის მეფის ირაკლი მეორისამან – ანტონიმ ჩვენის დიკასტირიის თანდასწრებით ასე განვსაჯეთ: რადგანაც კაცნი მისის უმაღლესობის მეფის ირაკლის სახასო ყმანი არიან და მამული ალავერდის წმინდის გიორგის ეკლესიისა არის, რაც ამ სოფლის გამოსავალი იქნებოდეს, ნახევარი სამეფოდ მიერთმეოდეს და ნახევარი წმინდის გიორგის ალავერდის ეკლესიას მიერთმეოდეს; როგორც წინასაგარეჯო და უკანსაგარეჯო სამეფოთა და სვეტიცხოვლისათვის სანახევროთ დევს, ესეც იმ განწესებით უნდა იყოს. სადაც რომ დღეს ყანდიაური სოფელი სახლობს, იმის ჩამოსწვრივ ალაკნითვე თავის გასადევრით ყანდიაურის სოფლისათვის დაგვიდვია სამკვიდროდ და საბოლოოდ. და თუ სადმე ალაკნელი მემკვიდრე კაცი არის, მოვა და თავის მამულს ხელს მოჰკიდებს, იმას თავის მამულს ვერავინ შეეცილება და იმისი გამოსავალი საკუთრად ალავერდის ეკლესიისა იქნება. და კიდევ ვინ იცის, როგორ მოხდეს, რომელნიც კაცნი მისმა უმაღლესობამ მეფემ ყანდიაურსა და ალაკანში დაასახლა, ესენი რომ იქ აღარ დადგნენ და დაიფანტნენ, ის მამული ისევ საკუთრად ალავერდის წმინდის გიორგის იქნება. და თუ რომ იქ ესახლებიან და როგორც ზემოთ დაგვიწერია, როგორც წინასაგარეჯო და უკანსაგარეჯო სამეფოთა და სვეტისცხოვლისთვის სანახევროთ დევს, ეს ყანდიაური სოფელიც იმ წესით და იმ რიგით უნდა იყვნენ”.

განჩინების ბოლოს არის ასეთი მიმართვა: “ყანდიაურის მოურავო ჯანდიერიშვილო როსებ ნასახჩიბაშო! როგორც განგვიწესებია და გაგვირიგებია, ამას ასე აღასრულებდე, მეფეს თავის წილს მიართმევდე და ეკლესიას თავის წილს მიართმევდე”.

განჩინებას ერთვის როგორც კათოლიკოს-პატრიარქის ხელრთვა და მაღალი თანამდებობის მქონე სასულიერო პირების (მათ შორის – ბოდბელი და ნინოწმინდელი მიტროპოლიტების) ხელმოწერა, ასევე, ქართლ-კახეთის მეფე-დედოფლისა და მათი რამდენიმე ვაჟის ბეჭედი, მათ შორის მირიანისაც, რომელიც ყანდიაურის მფლობელი იყო.

დოკუმენტის ბოლოს ვკითხულობთ: “ქ. ჩვენ, სრულიად ქართლისა და კახეთისა და სხვათა მეფის ძე, დიდებულის ხელმწიფის იმპერატორ პავლე პეტროვიჩის სარდალი – მირიან, მისის უწმინდესობის კათალიკოზ-ალავერდელ ჩვენის ძმის და მისის დიკასტირიის განსჯილსა და გარიგებულსა ამას ვამტკიცებთ”.

იოანე ბატონიშვილის (1768-1830) ნაშრომში “ქართლ-კახეთის აღწერა” ცალკეა გამოყოფილი გარეკახეთის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებული პუნქტები, რომელთაგან საუფლისწულოდ იხსენიება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული სოფელი, მის მფლობელად კი მითითებულია მირიანი.

ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის მეფობის პერიოდში ყანდიაურის მოურავი იყო განჩინებაში მოხსენიებული თავადი როსებ (იოსებ) ზაალის ძე ჯანდიერი. სხვადასხვა დროს ის მოურავად იყო ასევე ჯიმითსა და კალაურში. მისი ვაჟი სვიმონ ჯანდიერი, ისევე, როგორც ყანდიაურის მცხოვრებნი, აქტიურად მონაწილეობდნენ 1812 წლის სახალხო აჯანყებაში, რომელსაც საწყის ეტაპზე (თებერვალ-მარტში) ხელმძღვანელობდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გრიგოლ I (1789-1830).

ერეკლე II-მ მირიანს ასევე უწყალობა მამულები კახეთის სოფლებში: შალვაურში (ამჟამად – შალაური), ბახტრიონსა და მაღრაანში, ხოლო ქისტაურში, ზემო ხოდაშენსა და აწყურში მოსახლე ბოჭორმელები მის ყმებად ჩარიცხეს.

შიდა ქართლის ტერიტორიაზე მირიანს უწყალობეს ყმა-მამული “სააზნაუროთი და საეკლესიოთი” ხეფინისხევის სოფლებში, რომელთა შორისაც იყო: ბჟინევი, გრიგალათი, გესამანია (ამჟამად – გედსამანია), ვერტყვიჭალა, მლაშე, ნადაბური, ფონა, ციცქაური (ამჟამად – ციცქიური), ხევიჯვარი და ხუნევი. ეს სოფლები, რომლებიც იმ პერიოდში ქართლ-კახეთის სამეფოს უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა და ესაზღვრებოდა იმერეთის სამეფოს, ამჟამად ზოგიერთის (მლაშე, ხევიჯვარი) გარდა, ადმინისტრაციულად შედის ხარაგაულის რაიონში.

საქართველოში მყოფი მირიანი ცდილობდა მოეწესრიგებინა თავის კუთვნილ მამულებში მცხოვრებთა ყოფითი პრობლემები.

სოფელ ფშავლის (თელავის რაიონი) ეკლესიაში მოღვაწე მღვდელმა მათე ყოდალაშვილმა 1799 წლის 14 მარტს მირიანს მიართვა არზა სოფელ ხორბალოში (ახმეტის რაიონი) მდებარე მისი მამულის თაობაზე, რომელშიც ვკითხულობთ: “ქ. ღმერთმან ყოვლად მოწყალის მეფის ძის მირიანის ჭირი მოსცეს მათს სამარადისო მლოცველს ყოდალაშვილს მღვდელს მათეს.

მერე ამას მოვახსენებ: ხორბალოში ჩემს მამა-პაპათ თქვენგან წყალობა ქონიათ სასაფლაო საყდრით გაწყობილი. გხლებივართ, ამას წინათ არ გაკეთდებოდა ხორბალოში ვენახები, მაგრამ ჩემი რომ გახლავს, ვერ გააკეთეს და მის მიზეზით ვერც სანატრელმა ბატონმა უბოძა. ახლა ოქმი გიბოძებიათ თუშთ მოურავზედ, ხორბალოსკენ ვენახებად დაუყაო. ჩემო ხელმწიფევ, თუ ამაზედ მიწყრებით, აქ, ფშაველში გახლავართ მე სამწყსოს გულისათვის, ჩემს შვილს იმის მეტი რა ბინა აქვს. ახლა ამ მოწყალებას გევედრებით, რაც თქვენმა უგანათლებულესობამ ცნოს ეს ჩემი მოხსენება, იმის მოწყალება მაღირსეთ”.

ამ სათხოვარს მირიანმა შემდეგი რეზოლუცია (ოქმი) დაადო: “ქ. ბატონო თუშთ მოურავო დურმიშხან! (იგულისხმება თავადი ჩოლოყაშვილი. – დ.ჯ.) მათე მღვდელს არზით ასე რომ მოუხსენებია, ამას, როგორც სანატრელის მათის უმაღლესობის, ბატონის მეფის, მამის ჩვენის ოქმებში უცხადებს, ასე უნდა აღუსრულოთ და გაურიგოთ. ამის მამულთან საქმე არავისა აქვს”.

1801 წლის 15 მარტს საიმპერიო ხელისუფლების მოთხოვნით რუსეთში გამგზავრებულმა მირიანმა თავისი ყმა-მამული საპატრონოდ დაუტოვა დედას – დარეჯან დედოფალს.

იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და მთარგმნელი

პეტერბურგში ჩასული მირიანი დააჯილდოეს წმინდა ანას I ხარისხის ორდენით. იგი საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა ალექსანდრე I-ის კორონაციას, რომელიც მოსკოვში 1801 წლის 15 სექტემბერს გაიმართა.

მირიანმა, როგორც რუსეთის სენატის წევრმა, 1812 წელს, ნაპოლეონის არმიის რუსეთში ლაშქრობისას, ცეცხლმოკიდებული მოსკოვიდან გამოიტანა სენატის არქივი და ნიჟნი ნოვგოროდში წაიღო.

1826 წელს მირიანი დაინიშნა უმაღლეს სასამართლოში დეკაბრისტების საქმის განხილვასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მოღვაწეობასთან ერთად, მირიანი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც მისდევდა, წერდა იამბიკოებს. მის კალამს ეკუთვნის: “ჩახრუხაული”, “ჩამოკითხვანი ტაეპებად”, “სვეტიცხოვლის ქება დღე ცისკრის ხმაზედ”, “ფერისცვალების შესხმა დღე ცისკრის ხმაზედ”, “მეფის ერეკლეს ქება დღე ცისკრის ხმაზედ”, “გოჰარის ხმაზედ”, “იამბიკო”, “ვარლაამ არხიერთან მიწერილი იამბიკონი” და სხვ.

უცხოეთის ცის ქვეშ იძულებით მყოფი და სამშობლოს მონატრებული უფლისწული საკუთარ განცდებს ლექსებში გადმოსცემდა. მან თარგმნა გერმანელი დრამატურგის იოაჰიმ ვილჰელმ ფონ ბრავეს (1738-1758) ტრაგედია “ათეისტი”, ასევე, “სწავლა თქმული ილია მინიატისგან”, რომელიც 1818 წელს გადაწერა ტარასი ალექსი-მესხიშვილმა და სხვ.

მირიანს წილად ხვდა პატივი – 1787 წელს, კრემენჩუგში ცხოვრების პერიოდში შეხვედროდა მირგოროდიდან ჩამოსულ დავით გურამიშვილს და სამშობლოში ჩამოეტანა მისი უნიკალური ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ცნობილია “დავითიანის” საერთო სახელწოდებით.

1814 წლის 22 აპრილს მირიანმა ცოლად შეირთო მარია ხილკოვა (1788-1815), ასული ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლისა, პოდპოლკოვნიკისა, თავად ალექსანდრ იაკობის ძე ხილკოვისა (1755-1819). მომდევნო წელს მარია უშვილოდ გარდაიცვალა.

მირიანთან ურთიერთობა ჰქონდა პლატონ იოსელიანს, რომელიც პეტერბურგში 1831 წლიდან სწავლობდა.

1834 წლის 15 ოქტომბერს, 67 წელს მიღწეული მირიან ბატონიშვილი პეტერბურგში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

 

დავით ჯავახიშვილი

ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ჟურნალი “ისტორიანი”,#104 

“კვირის პალიტრა”