“ერთხელ აშშ-ს საელჩოს დიპლომატმა გულახდილად მითხრა, რომ მისთვის რუსი არის მტერი; რომ რუსეთის მიმართ მას ასე ზრდიდნენ”…

რადიო „მაესტროს“ გადაცემა „ხალხის აზრში“ — ერთმანეთს ეცილებოდნენ „მაგარი“ და „პატრიოტი“ ქართველი რესპონდენტები, რუსეთის ლანძღვა-გინებაში. გადაცემის თემაც ისეთი იყო, რუსეთის ლანძღვას რომ მოითხოვდა, ანუ უკრაინა და ქართველთა სოლიდარობა „საწყალი“ ქვეყნის დახმარებაში.

რუსეთის და მისი პრეზიდენტის, პუტინის ნეგატიურ (რბილი ნათქვამია) მოხსენიებას ისე მიეჩვია საქართველოს მოსახლეთა ყურები — ლანძღვა, იავნანასავით ჩაესმის, ყურს კი უგდებს, მაგრამ ვერ იგებს რადიოს მიერ შეთავაზებულ თემას.

რესპონდენტთა აქტიურობა რომ თვალშისაცემი იყოს, თან გადაცემის მნიშვნელობა ფასდაუდებელი, როგორც ამ რადიოს, ისე სხვას, დაქირავებულ „რესპონდენტთა“ არმია ემსახურება, რომლებიც ნებისმიერ საკითხზე რეკავენ რადიოში (რადიოებში) და თავიანთ „კომპეტენტურ“ აზრს გვიზიარებენ. „მაესტროს“, ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ვუსმენ, ამდენად უკვე იოლად ვარჩევ დაქირავებულ და ნამდვილ რესპონდენტებს ერთმანეთისგან.

დილიდან დაწყებული, შუადღისა და საღამოს ჩათვლით, სხვადასხვა რადიოში რეკვა, მაფიქრებინებს, რომ ისინი მარტო საკუთარი აზრის გამოხატვისთვის არ ირჯებიან. ეს, მათი სამსახურია. იმასაც აღვნიშნავ, რომ მათი ლაპარაკი ისეთია, როგორიც რადიოს რედაქციების პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიეცემოდათ მათ, სხვა (ნამდვილ) რესპონდენტებთან შედარებით, მეტი ლაქლაქის საშუალება. წამყვანი უმალ გაუთიშავდა ეთერს, რასაც სისტემატურად აკეთებს ნამდვილ რესპონდენტთან მიმართებაში, რომელიც „თემას უხვევს“ და როგორც ხალხში იტყვიან „დაუკრეფავში გადადის“ — ხელისუფალთა ლანძღვის სახით.

აი, რა „ბედნიერება“, „სიტყვის თავისუფლება“ მოგვიტანა ე.წ. დამოუკიდებლობამ! რესპონდენტს რომ მოისყიდი, თანაც ყველა რადიო, „დემოკრატია“ არის?!

ჰოდა, ასეთ „დემოკრატიულ“ რადიოებს უსმენს საქართველოს მოსახლეობა. ამ „დემოკრატიულ“ „ბუკეტში“ განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა „რადიო თავისუფლება“, რომელსაც ამოჩემებული სტუმრები ჰყავს და ასეთივე რესპონდენტებიც. „სიტყვის თავისუფლების“ „უყოყმანო დამცველ“ „რადიო თავისუფლებას“ მხოლოდ ერთი აზრი, ერთი მიმართულება, ერთი მსოფმხედველობა ხიბლავს.

თუ ჩემი არ გჯერათ, მოუსმინეთ მის გადაცემებს და დარწმუნდებით ჩემს ნათქვამში. დასავლეთზე, აშშ-ზე მახვილდება რადიოს ყურადღება და აქედან გამომდინარე იმ ე.წ. პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაკებზე, რომლებიც რომის პაპზე უწმიდესნი არიან, ანუ ამერიკელზე, დასავლელზე უფრო დასავლელნი.

რახანია ვუსმენ ამ რადიოს გადაცემებს და ერთხელაც ვერ წავწყდომივარ ანტიდასავლელის გამოსვლას ან ისეთის, ვინც რუსეთს არ აგინებს. რუსეთის გინება ხომ მთავარი კოზირია ამ რადიოს გადაცემებში.

დავუბრუნდეთ რადიო „მაესტროს“, რომლის რესპონდენტებმა ერთმანეთში სერიოზული პოლემიკა გამართეს უკრაინასთან მიმართებაში. ერთმა ბრძანა — ქართველს არაფერი ესაქმება მათ ჭიდილში — იგულისხმება რუსეთ-უკრაინა. ისინი ერთი სისხლისანი არიან და ერთმანეთს არ გაწირავენო, ისე, როგორც მათი პრეზიდენტები, ვინაიდან ებრაელები არიანო.

ამ მოსაზრების ავტორის შემდეგ ეთერში შემოსულმა მავანმა ბრძანა — ზელენსკის შესახებ ვიცი, რომ ებრაელია, მაგრამ პუტინის ებრაელობის, არაფერი გამიგიაო. თქვა თუ არა ეს, უმალ გადავიდა პუტინის ლანძღვაზე, თან რუსეთიც მიაყოლა — საუკუნეების განმავლობაში ქართველები რომ მონებად ვყავდით და დღესაც საშინელ დღეში გვაგდებსო. თავისი „სპიჩი“ ტრადიციული სიტყვებით „ოკუპანტი“, „აგრესორი“, „მტარვალი“ — დაასრულა.

შეგნებული მავანი, რომლის რაოდენობა კატასტროფულად მცირეა, მეტყვის — მოგცლია, რომ ამ სისულელეს უსმენო! არა, მეგობრებო, რადიოს მოსმენა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე წარმოდგენას მიქმნის, ხალხის განათლების დონის, მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარის გაგებას. და უნდა გითხრათ, რომ რაც დრო გადის, ეს ჩამონათვალი უარესდება.

ხალხი ვერ გამოხატავს აზრს, არ შეუძლია კონკრეტული ლაპარაკი, ვერ აწყობს წინადადებას და, რაც მთავარია, შორს არის თუნდაც პრიმიტიული განათლებიდან.

უსმენ და ფიქრობ — რა ვიყავით და რანი ვართ — 30-წლიანი დამოუკიდებლად ცხოვრების პირობებში?!

საბჭოური ცხოვრების დროს საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა იყო საშუალო და უმაღლესი განათლების დარგში. ციფრებს შეგნებულად არ მოვიყვან, არ მინდა მკითხველს გული გავუხეთქო.

ქართველები განათლებას იღებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. ქართველი მეცნიერების, სპეციალისტების სახელები ცნობილი იყო მთელს საბჭოთა სივრცეში და არა მარტო.

საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდები განათლებასთან ერთად აღზრდასაც იღებდნენ, პატრიოტიზმთან ერთად, ინტერნაციონალიზმს, ტოლერანტობას, ერთმანეთის პატივისცემას, მიუხედავად ეროვნებისა და წარმომავლობისა.

საბჭოთა ადამიანს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა შეურაცხყოფის მისაყენებლად ეროვნება გამოეყენებინა, მაგალითად სომეხი, ტაჯიკი, რუსი, … იყო ანეკდოტები, მაგრამ არა ბოღმიანი, არა სიძულვილის გამომხატველი.

დღეს, რასთან გვაქვს საქმე? სიძულვილის თესვა-გაღვივებასთან — ყოველდღიურად, დაუფიქრებლად, მიზანმიმართულად. 30 წელია ვაგინებთ რუსეთს, მის ხელისუფლებას, ვაგინებთ სხვებსაც და ამას ვაკეთებთ ხელისუფლების მითითებით, დახმარებით, ხელშეწყობით.

რუსეთის გინება დიდი ხანია დავიწყეთ — გასული საუკუნის ოციანი წლებიდან, არც მანამდე ვაკლებდით ხელს. ეს შეფარული გინება, აუგად მოხსენიება უცხო არ იყო ქართული მწერლობისთვის, ხელოვნების მუშაკთათვის, ისე, როგორც საქართველოს ისტორიის, წარსულის უზომო განდიდება, საზოგადოებაში ისეთი განცდის ჩანერგვა, რომ არა ქართველი და საქართველო, „გაუბედურებული ვანია“ სად იქნებოდა?

რუსთა გინებას ფართო გასაქანი მიეცა დისიდენტური მოძრაობის დროს, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. იქიდან მოყოლებული ჩაუმუხლავად ვლანძღავთ და ვაგინებთ რუსს, ვამადლით მას საქართველოში 2-საუკუნოვან ყოფნას. ვლანძღავთ ერეკლეს, გეორგიევსკის ტრაქტატისთვის. ერთ სიტყვასაც არ წარმოვთქვამთ დიდი მეზობლის სასიკეთოდ.

ნუთუ 2-საუკუნოვანმა მჭიდრო, ხშირ შემთხვევაში ნათესაურმა ურთიერთობებმა მხოლოდ ცუდი გვარგუნა? ნუთუ, ერთი პატარა, დადებითი ფრაგმენტი არ ყოფილა ჩვენს ისტორიულ ურთიერთობებში, იშვიათად რომ გავიხსენოთ?

თუ ისტორიას გულდასმით, ობიექტურად გადავავლებთ თვალს 2-საუკუნოვანი ურთიერთობები აღსავსე იყო ჩვენი ერისთვის წარმატებების მომტანი მაგალითებით. ცხადია, ნეგატიურიც იყო, მაგრამ ისინიც კი ჩვენი, ასევე ნეგატიური ქცევით იყო გამოწვეული და არა რუსთა კოლონიური პოლიტიკით — ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებულით.

მსჯელობა იმაზე, რა მოგვიტანა რუსთან ურთიერთობამ ან რა დაგვიშავა, ერთ სტატიაში შეუძლებელია, მითუმეტეს საზოგადოებაში, უმადურობის ბაცილით დაავადებულში. მარტივად გეტყვით, უფრო სწორად ჩინეთის მაგალითს მოვიშველიებ — მაო ძედუნის მოღვაწეობის შესაფასებლად, რომ გამოთქვეს ჩინელმა ხელმძღვანელებმა: „მაო ძედუნმა 70% გააკეთა კარგი ჩინეთისთვის, დანარჩენი 30% არც ისეთი, როგორიც სასურველი იყო“.

მოდით, ამ საზომით მივუდგეთ ჩენს ურთიერთობებს — საქართველო-რუსეთის და არა ისე, როგორითაც დღეს — ცალსახა უარყოფითის. მოდით, დავეყრდნოთ ჩვენს აზრს, გამოცდილებას და არა სხვისას, ამ შემთხვევაში აშშ-სას, ვინაიდან მისი მიზანი არის ერთი — საქართველოში შექმნას რუსეთის სიძულვილი და არა მარტო საქართველოში, უკრაინაში, ბალტიისპირა ქვეყნებში, ცენტრალურ აზიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, სხვაგან.

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში, უკრაინასთან ერთად, პირველები ვართ. რა შეიძლება ეწოდოს ქვეყანას, სადაც სკოლის დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, ბავშვებს ზრდიან სხვა ერის, ამ შემთხვევაში რუსის მტრად. აზეპირებინებენ ანტირუსულ გამოთქმებს, ავარჯიშებენ სროლაში — სამიზნედ რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტის გამოყენებით. ამ ქვეყანას უკრაინა ჰქვია.

ერთხელ აშშ-ს საელჩოს დიპლომატმა გულახდილად მითხრა, რომ მისთვის რუსი არის მტერი; რომ რუსეთის მიმართ მას ასე ზრდიდნენ — სკოლიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული. და ეს მშვიდობიანობის დროს — არა მარტო თანამედროვე, არამედ ისტორიულ ჭრილში. ამ ორ ქვეყანას შორის ომი არასდროს ყოფილა. და მიუხედავად ამისა, მას ასე ზრდიდნენ — ხვალინდელი დღისთვის, მეტოქედ შერაცხულ რუსეთთან დატაკების შემთხვევაში მორალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნის მიზნით.

ასეთი, ვერ, უფრო სწორად არ გასწავლის სხვა ერების სიყვარულს, პატივისცემას, ტოლერანტობას, მიმტევებლობას. ასეთი, სიტყვით და ტყვიით კვლას გასწავლის, საზარბაზნე ხორცად გაგიმეტებს. რა? განა ამას არ ჰქონდა ადგილი ავღანეთში — მის ომში, როდესაც ლამის ნახევარი მსოფლიო, მათ შორის ჩვენც გაგვრეკეს იქ საომრად?!

ჩვენ ხომ მათ სიტყვებს თუთიყუშებივით ვიმეორებდით — ავღანეთში იმიტომ ვართ, საქართველო დავიცვათ ტერორიზმისგანო?!

აი, სწორედ ამერიკულმა „რბილმა ძალამ“, პროპაგანდამ შეუგნებლად ათქმევინა რადიო „მაესტროს“ რესპონდენტებს ზელენსკისა და პუტინზე — ესენი ებრაელები არიანო. აქაოდა, ებრაელები ისეთებია, მათგან ყველა სიბინძურე არის მოსალოდნელიო. მათი მიხედვით, რუსი ხომ ბოროტია და სისხლის მსმელი, მაგრამ რუსი-ებრაელი აღმატებულ ხარისხშია, უარესს რომ ვერც ერთ ერში ვერ მოიძევთ.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი