კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება, რომლის თრეილერის პრეზენტაციაც 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით შედგა.
სამინისტროს ცნობით, კომპიუტერული თამაშის თრეილერი უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის “ძლევაი საკვირველი” ფარგლებში შეიქმნა. მათივე ცნობით, კონკურსში კომპანია „სილესტიალ დიმენშენმა“ გაიმარჯვა
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. როგორც სამინისტრო განმარტავს, დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა.
„თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს. კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, რა დაჯდება თამაში “დიდგორი” და როდის იქნება საბოლოოდ მზად. ამ კითხვებით კულტურის სამინისტროს მივმართთეთ და მათ პასუხს ველოდებით.
“ნეტგაზეთი”