“ცირკონი” – რუსული იარაღი, რომლის გამოც ამერიკა იძულებულია, რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს

პუტინის მიერ ვაშინგტონის ადმინისტრაციისადმი მიმართულ პოლიტიკურ წინადადებებს დასავლეთში “უტოპიური” უწოდეს და მართლაც ვინ იფიქრებს, რომ ნატო უკან დაიხევს და გავა აღმოსავლეთ ევროპიდან ან უკრაინასა და საქართველოს რუსეთის შიშით არ მიიღებს ნატოში? მაშ, რისი იმედი ჰქონდა პუტინს, როდესაც ულტიმატუმით მიმართავდა ვაშინგტონ-ბრიუსელს?

ახალი იარაღის, რომელიც რუსმა მეცნიერებმა გამოიგონეს და რომელმაც წარმატებით გაიარა გამოცდა.

ახალი იარაღი რუსეთს აქვს, მაგრამ ამერიკას არა და როგორც პუტინი ასაბუთებს კარგა ხნის განმავლობაში არ ექნება, რაც რუსეთს აძლევს ამერიკასთან რიხით ლაპარაკის საშუალებას.

დააკვირდით მკითხველო, გასული იანვრის განმავლობაში რამდენჯერ გაიმართა აშშ-რუსეთის მოლაპარაკება. ასეთ ინტენსიურობას წინათ არ ჰქონია ადგილი. ანდა როგორ ექნებოდა, როდესაც თავდაჯერებული ამერიკა არაფრად აგდებდა რუსეთის თხოვნას განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართავად?!

ახლა კი ინება და ტელეფონს ჩამოეკიდა — ხან ბაიდენი, ხან სახელმწიფო მდივანი ბლინკენი. ცხადია მათი განცხადებები უწინდებურად რუსეთის ლამძღვით არის გაჯერებული, მაგრამ იხტიბარს ხომ არ გაიტეხენ? „რუსეთს დავნებდითო“, — ხომ არ იტყვიან? არადა, რაღაც ამგვართან გვაქვს საქმე.

მაინც რა არის ის წამალი, რომელმაც ესოდენ ძლიერ იმოქმედა ამერიკულ ორგანიზმზე?

2001 წელს აშშ-ი ცალმხრივად გავიდა ანტისარაკეტო თავდაცვის ხელშეკრულებიდან, რომელსაც 1972 წელს მოაწერეს ხელი საბჭოთა ლიდერმა ბრეჟნევმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა. რა იყო ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზი?

პასუხი — პრიორიტეტულობის მოპოვება. ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ აშშ-ა დაიწყო ანტისარაკეტო სისტემების რუსეთის საზღვრებისკენ გადაწევა, რამაც რუსეთს შეუქმნა საფრთხე, რაც გამოიხატებოდა 2 ქვეყანას შორის მანამდე არსებული პარიტეტის დარღვევაში.

სსრკ, ხოლო შემდეგ რუსეთი დიდის გაჭირვებით ახერხებდნენ ამ პარიტეტის შენარჩუნებას, მიწის ზედაპირზე ბაზირებული ბირთვული იარაღით. ამერიკული ანტისარაკეტო სისტემა დაემუქრა შახტებში განლაგებულ საკონტინენტთაშორისო რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ჩამოგდებით, სტარტის აღებისთანავე. ფაქტიურად სტარტის აღებისთანავე ბალისტიკური რაკეტების გაუვნებელყოფა ყოველგვარ შანსს უკარგავდა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას.

როდესაც ვაშინგტონმა დაინახა, რომ რუსული ბალისტიკური საფრთხე განეიტრალებულია, უმალ დაიწყო რუსეთის დამცირება — დაარქვა რა მას რეგიონული სახელმწიფო, ბენზინგასამართი სადგური, არაფრის მკეთებელი ქვეყანა, რომელმაც ენა უნდა ჩაიგდოს მუცელში და ა.შ.

გასაკვირი ისაა, რომ ელცინის ხელისუფლება დაყაბულდა ამერიკელთა მიერ შერქმეულ დამამცირებულ სახელებს და ნაცვლად წინააღმდეგობის გაწევისა, სიტყვიერი, თანაც სუსტი პროტესტის გამომხატველი განცხადებებით შემოიფარგლა, როდესაც აშშ-ა ანტისარაკეტო სისტემები განალაგეს რუმინეთსა დ პოლონეთში. არც პუტინის ხელისუფლების მკაცრმა განცხადებებმა უშველეს საქმეს, ანალოგიური სისტემები განლაგდა იაპონია-სამხრეთ კორეაში. მოდერნიზაცია ჩაუტარდა გერმანია-ესპანეთში განლაგებულ სარაკეტო სისტემებს. ყოველივე ამან აშშ-ს მისცა შანსი ემოქმედა ძლიერის პოზიციიდან, რომელმაც მოწინააღმდეგე დაამარცხა „ცივ ომში“.

და ამ დროს რუსეთმა მოძებნა გამოსავალი „სარმატის“ სახით. ეს არის სარაკეტო სისტემა, მიწის სიღრმეში ბაზირებული, მძიმე, მრავალსაფეხურიანი სტრატეგიული იარაღი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, თხევად საწვავზე მომუშავე, რომელსაც შეუძლია თავისუფლად გადალახოს აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო ბადე.

მიზნის მიღწევამდე „სარმატი“ 10-15 ქობინად ქუცმაცდება, თითოეული თავისი არაპროგნოზირებადი ფრენის ტრაექტორიით, რომლებსაც ასევე შეუძლიათ მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო ბადის გარღვევა.

„სარმატის“ წონა 200 ტონაა და მიუხედავად ამისა მას ნაკლები სასტარტო მანძილი სჭირდება წინამორბედ „ვოევოდასთან“ შედარებით, რომლის ფრენის რადიუსი 11 ათასი კილომეტრია. „სარმატის“ ფრენის რადიუსი კი განუსაზღვრელი.

რაკეტა „ცირკონი“ — არის ჰიპერზებგერითი იარაღი სამხედრო გემების, განსაკუთრებით ავიამზიდების რისხვა. 11 ავიამზიდი ჰყავს აშშ-ს, რითაც თავი მოაქვს მთელ მსოფლიოში. ავიამზიდები აღჭურვილია „იჯისის“ სისტემის ანტირაკეტებით. მათ მიერ შექმნილ ბადეს „ცირკონი“ თავისუფლად აპობს, ისე, როგორც ავიამზიდებს.

რაკეტის სიგრძე 8-9 მეტრია, საბრძოლო ნაწილის წონა 300-400 კგ, სიჩქარე 9 მახი (Mach), ფრენის რადიუსი 1000 კმ. ამ რაკეტას შეუძლია, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო ბაზირების ობიექტების განადგურება. მისი გასროლა შეიძლება წყალქვეშა ნავებიდან, წყლის ზედაპირზე მცურავი ობიექტებიდან. რაკეტა იცვლის ფრენის ტრაექტორიას, რაც ანტისარაკეტო სისტემებს არ აძლევს მისი ლიკვიდაციის საშუალებას, ანდა როგორ გაანადგურებს 10,2 ათას კმ/სთ-ში მფრენს?

ჰიპერბგერით სიჩქარეს საბჭოთა რაკეტები გასული საუკუნის 70-იან წლებში აღწევდნენ, მაგრამ აღწევდნენ იმით, რომ მათ გაქანებაში ხელს უწყობდნენ ბალისტიკური რაკეტები ან თვითმფრინავები, მაგალითად „МИГ-31“, რომელიც დაფრინავს 3000 კმ/სთ-ში, სწორედ მას იყენებს რაკეტა „კინჟალი“, სასტარტო სისწრაფის მოსაპოვებლად, შემდეგ ის თვით ანვითარებს სიჩქარეს 10-12 მახამდე (Mach).  მისგან განსხვავებით „ცირკონი“ სტარტს იღებს და ფრინავს დაუხმარებლად.

ამ და სხვა იარაღებმა მისცეს პუტინს საშუალება ელაპარაკა ძალის პოზიციიდან, რამაც არა მარტო გაღიზიანება გამოიწვია აშშ-ს ადმინისტრაციაში, არამედ შეშფოთებაც და ეს შეშფოთება გაცილებით ძლიერია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში გამოხატული შეშფოთება.

რა გაეწყობა, ასეთია დღევანდელი მსოფლიოს დამახასიათებელი თვისება, განსაკუთრებით იმ ნაწილის, რომელიც თავს დემოკრატად და სამართლიანობის მებრძოლად თვლის, მაგრამ თავის პოლიტიკას ძალას უკავშირებს. გაქვს ძალა, გაქვს პატივისცემა, მოჭარბებული ყურადღება, რიდი. თუ ძალა არ გაქვს — ხელწამოსაკრავი ხარ.

პოლიტიკური ჯუნგლების კანონი ხელმისაწვდომი გახდა პუტინისთვის, რომელიც დღეს დასავლეთს, უპირველესად ამერიკას, მათი მენტალური მეთოდებით ეომება.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი