საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ლონდონში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, დღეს ლონდონში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

შალვა პაპუაშვილი აუდიენციას თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილთან, ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთანაც და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთანაც გამართავს.

 

“იმედინიუსი”