ტაქსის მძღოლებს უფლება ექნებათ, მგზავრის ასაყვანად მანქანა ავტობუსის ზოლში გააჩერონ.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპისთვის განსაზღვრული რეგულაციები ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, მესამე ეტაპისთვის ტაქსის სერვისის გაწევისას, ავტობუსის ზოლში ავტომანქანის გაჩერებისა და მგზავრის აყვანის საკითხი იყოს გათვალისწინებული.
– “შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ A კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ მგზავრის აყვანის ან გადმოსმის მიზნით, ავტობუსის ზოლში გაჩერების საკითხი. უზრუნველვყოთ მისი ლეგალიზება, რათა არ მოხდეს ტაქსის მომსახურების გამწევი პირების დაჯარიმება. ამისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. დაამუშავეთ ეს თემა ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას” – თქვა კალაძემ.
წყარო: ptn.ge