“პოლონეთის ექსპრეზიდენტ ლეხ ვალენსას განცხადებით, ის აქამდე პუტინს პატივს სცემდა, მაგრამ ახლა საჭიროა, დასავლეთმა რუსეთს მის ქმედებებზე პასუხი გასცეს”, – წერს პოლონური გამოცემა Do Rzeczy.
“ამჯერად ვაჟკაცურად, თამამად უნდა მოვიქცეთ. აქამდე პუტინს პატივს ვცემდი, ხან ერთ საკითხში ვუჭერდი მხარს და ხან – მეორეში, მაგრამ უკვე ზედმეტი მოუვიდა და ახლა უკან დახევა აღარ შეიძლება. აუცილებლად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, თორემ ყოველი შემდეგი დარტყმა უფრო ძლიერი იქნება. მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და რუსეთს არ მისცეს უკრაინაზე თავდასხმის საშუალება“, – განაცხადა პოლონეთის ექსპრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.
“თუ პუტინი კიევს დაარტყამს, მას დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს პასუხი – მოსკოვზე დარტყმა. კარგად უნდა მოვემზადოთ და პუტინს ამის გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ევროკავშირის პოზიციას, ასევე, უკრაინის კრიზისის კონტექსტში გერმანიისა და საფრანგეთის საქმიან ინტერესებს ეხებოდა, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა:
“თუ პუტინს საშუალებას მივცემთ, რომ უკრაინას დაესხას თავს, ამ საქმიანი ინტერესებისგან, საბოლოოდ, აღარაფერი დარჩება“.
“აღარ დავუჭერ მხარს პუტინს, აქამდე კი სულ ვემხრობოდი, რადგან საქმე ეხებოდა უდიდეს ქვეყანას და დიდ პრობლემებს. ეს ყველაფერი კარგად მესმოდა, მაგრამ ახლა მას სხვა ქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ“, – აღნიშნა ინტერვიუში ლეხ ვალენსამ.
სამხედრო ინვენტარით უკრაინის მომარაგების საკითხზე ექსპრეზიდენტმა განაცხადა:
“პოლონეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის, რაც მას შეუძლია. მოხალისეების აგიტაციაც კი უნდა დაიწყოს, რადგან ახლა საუბარია ჩვენს საერთო ინტერესებზე. უკან დახევა არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ იანვრის დასასრულს ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოხმა განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი იარაღით მოამარაგებს, მათ შორის – გადასცემს საზენიტო სარაკეტო კომპლექს “პერუნებს“, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო სარაკეტო კომპლექსად ითვლება.