ხაჭაპურის მომზადების ხარჯები რეკორდულად, 24%-ით გაიზარდა.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, იანვარში ხაჭაპურის მომზადების ხარჯების ინდექსი 24%-ით გაიზარდა.
– “ახალი წელი ხაჭაპურის ინდექსისთვის ისტორიული მაჩვენებლით დაიწყო. ინდექსის ზრდის ტენდენცია 2022 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 5.77 ლარს მიაღწია, რაც 1.8%-ით მაღალია 2021 წლის დეკემბერთან და 23.7%-ით მაღალი 2021 წლის იანვართან შედარებით.
– ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხისა (47%) და ფქვილის (31%) შემთხვევაში დაფიქსირდა. თუმცა გრაფიკიდან ვხედავთ, რომ წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ინდექსის ყველა ინგრედიენტზე: კარაქი (23%), ყველი (16%), საფუარი (15%), რძე (10%).
– ფასების წლიური ზრდის მიზეზი, როგორც ჩანს, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებში უნდა ვეძებოთ, რადგან FAO-ის მონაცემებით, სურსათის ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ფასები გაიზარდა შემდეგ კატეგორიებში: მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი, შაქარი. სურსათის საერთაშორისო ფასების ზრდის დინამიკა მოგვიანებით ადგილობრივ ფასებზეც აისახა, თუ ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა ფასები მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზარდოს.
– ხაჭაპურის ინდექსის ბოლოდროინდელი დინამიკა ემთხვევა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სურსათის კატეგორიის ფასებს. საქსტატის ანგარიშის თანახმად, წლიურ ჭრილში სურსათის ქვეჯგუფში ფასები 16.2%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში ბოსტნეულის ფასები 23.3%-ით გაიზარდა, პურისა და მარცლვეულის – 20.5%-ით, ზეთებისა და ცხიმების – 19.6%-ით, მინერალური და გამაგრილებელი წყლების, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 18.3%-ით, შაქრის, ჯემის, თაფლის, შოკოლადისა და ტკბილეულის – 18.2%-ით, თევზის – 16.6%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 14.4%-ით, ხილისა და ყურძნის – 13.7%-ით, ხორცის – 11.9%-ით.”
წყარო: itv.ge