ბაიდენი პირდაპირ აფრთხილებს ამერიკელებს, დატოვონ უკრაინა, რადგანაც მათ გამო რუსეთთან ომს ვერ დაიწყებს

უკრაინა და რუსეთი ომის ზღვარს ყოველდღიურად უახლოვდებიან. არსებობს მოლოდინი, რომ თვის ბოლომდე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მოსაზრება ამერიკის პრეზიდენტის ჯობაიდენის განცხადებამაც გაამყარა, რომელიც ამბობს, რომ შტატების მოქალაქეებმა  უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, რადგან იქ, შესაძლოა, სიტუაცია მალე მწყობრიდან გამოვიდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

„ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა: „არ არსებობს“. „როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ,“ -განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა კი თქვაა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის არა მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებს, არამედ გვამებით სავსე ტომრებსაც მიიღებს. შერმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები დადგება, თუ პუტინი მოქმედებაზე გადავა.

„ეს არა მხოლოდ გამოიწვევს შედეგებს, არამედპუტინმა უნდა გაიაზროს, რომ გვამებით სავსე ტომრებიც დაბრუნდება მოსკოვში, რომ რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, რადგან მათი ეკონომიკა მთლიანად განადგურდება. ასე რომ, ეს მისთვის ძალიან სერიოზული არჩევანია და მიუხედავად ყველაფრისა, რაც ახლა ხდება, ვიმედოვნებთ, რომ ის სწორ არჩევანს გააკეთებს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

მისითქმით, რომ ბელარუსში რუსეთის წვრთნები ესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯია.

ამასობაში, რუსეთი უკრაინის როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საზღვრებთან – სამხედრო ძალის მობილიზებას განაგრძობს. კიევის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა მანევრირებისთვის აზოვისა და შავი ზღვების საერთაშორისი წყლები მთლიანად დაბლოკეს. რუსეთის საზღვაო წვრთნები მომავალ კვირას უნდა დაიწყოს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის განცხადება, რომელმაც აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა, სიტუაციის რადიკალურად ცვლილებაზე არ მიანიშნებს.„ჩვენ ვიცით შეერთებული შტატების პოზიცია, სადაც ასეთ განცხადებებს მანამდეც აკეთებდნენ. მათ საელჩოს თანამშრომლების ოჯახების წევრების ევაკუაციით დაიწყეს. შესაბამისად, ეს განცხადება არ მიუთითებს სიტუაციის რაიმე რადიკალურ ცვლილებაზე,“ – განაცხადა დიმიტრო კულებამ.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 110 ათასამდე ჯარისკაცია თავმოყრილი და მომავალი თვის შუა რიცხვებისთვის მათი რიცხვი 150 ათასამდე გაიზრდება, რაც საკმარისი იქნება სრულმასშტაბიანი ინტერვენციისთვის.რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციას უკრაინის გარშემო „ევროპის უსაფრთხოებისთვის სახიფათო მომენტი“ უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი  „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა უკრაინას დონბასში „შესაძლო პროვოკაციების“ შემთხვევაში. ამასთან, რუსმა მინისტრმა უკრაინის „ხელისუფლების მილიტარისტული განწყობების მხარდაჭერაში“ დასავლეთი დაადანაშაულა და მისგან, ულტიმატუმის ფორმით, დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

როგორც რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ბაიდენის განცხადება იმის ნიშანია, რომ უკრაინა-რუსეთის ომი რეალობასთან ახლოსაა.

„ამერიკელებს  ავღანეთის გამოცდილება უკვე  აქვთ.ახლაც ასეთი სიტუაციაა, ამერიკელები თუ დარჩებიან უკრაინაში და რუსეთის ცეცხლის ქვეშ მოხვდებიან, აღმოჩნდებიან როგორც მძევლები. ამიტომ ბაიდენი თავს იზღვევს და მოქალაქეებს აფრთხილებს. ამერიკის ვალდებულებაა, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. თუ არ დაიცავს, ბაიდენს დიდი პოლიტიკური ზიანი მიადგება. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის ამერიკის მოქალაქეებს ფაქტიურად მძევლად აიყვანეს. ეს კი გარკვეული უპირატესობა იქნება. ამასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ნიუანსია. გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც ავღანეთში გამოიარეს და მაშინაც აფრთხილებდნენ მოქალაქეებს გამოვდივართ ავღანეთიდან და მერე თქვენი დამცველი აღარავინ იქნება, და მაინც ამერიკელების დიდი ნაწილი დარჩა ავღანეთში“,-ამბობს გოგოლაშვილი.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთმა უკრაინა რომც აიღოს, ეს დიდი დანაკარგის ფასად მოუხდება. ასევე მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს და ეს სისხლისმღვრელი ომი იქნება. ეს იქნებარაღაც ტაქტიკური გამარჯვება, რომელიც არაფერ სარგებელს არ მოუტანს რუსეთის სახელმწიფოს.