ყოფილი ძალოვანი ვახტანგ გომელაურის უწყებას სკანდალში ამხელს

მოძალადე და კრიმინალების მფარველი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში – ყოფილი ძალოვანი ვახტანგ გომელაურის უწყებას დიდ სკანდალში ამხელს.

დავით ჭალიძე ირწმუნება, რომ პოლიციელები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კრიმინალებთან იყვნენ გარიგებული და არაადამიანური მოპყრობით გამოირჩეოდნენ, ვახტანგ გომელაურმა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და მათ ახლა მინისტრის დავალებით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, ილია კვაღინიძე მფარველობს.

საუბარია რომან მამუჩიშვილზე, აჩიკო ახალკაცზე, მამუკა ტერაშვილსა და ჯონი კირვალიძეზე.

​ჭალიძე ამბობს, რომ 2011 წელს, მან დააკავა კრიმინალური ავტორიტეტები, რომელთა გათავისუფლებაც, მისმა კოლეგებმა დაუყოვნებლივ მოსთხოვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ის არ დაემორჩილა მოთხოვნას, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს სამართალდამცველები მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა არათუ სამსახურიდან გაუშვა, არამედ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა და ამ თანამდებობებს ამ დრომდე ინარჩუნებენ.

“ჩემს მიერ დაკავებული იქნა კრიმინალები. ამის შემდეგ პოლიციის ხელმძღვანელობა ჩემთან შემოვიდა კონფლიქტში, არ მოეწონათ აღნიშნული თემა. ის დაკავებულები გაუშვეს და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, დამაკავეს იმ მიზეზით, რომ ვითომ მე პოლიციის ხელმძღვანელობას, ამ შემთხვევაში ჯონი კირვალიძეს და მამუკა ტერაშვილს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა. უკანონოდ დაკავებულს, ძირს დაგდებულს სახის არეში ჩამარტყეს წიხლი. პოლიციელები გამოძიებაში ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, პროკურატურა არ უყენებს აღნიშნულ პოლიციელებსა და პროკურორს ბრალს. შს მინისტრის აღნიშნული პოლიციელები დაჯილდოებული ჰყავს სხვადასხვა ხარისხის მედლებით და მფარველობს მათ”, – ამბობს დავით ჭალიძე.

​დავით ჭალიძემ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დახმარებით სარჩელი მოამზადა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

საქმის მასალების თანახმად, დაზარალებული აცხადებს, რომ პოლიციელმა იატაკზე დაგდებულს სახის არეში ამოარტყა წიხლი. პოლიციელი კი განმარტავს, რომ დაზარალებული თავს ურტყამდა იატაკს და ამის აღსაკვეთად ფეხი მოათავსა დაზარალებულის სახესა და იატაკს შორის.

“მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა ქართლის პოლიციაში მივიდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა თქვეს, რომ მათი უფროსი, ილია კვაღინიძე ადგილზე არ იმყოფებოდა.

 

“ალია”