საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დღეს, კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გავრცელების დროს, “მწვანე პასპორტის” არსებობამ აზრი დაკარგა. მან მთავრობის სხდომიდან თქვა, რომ აცრის მიუხედავად, ადამიანები ინფიცირდებიან.
“გარკვეული სპეკულირების საგანი გახდა, დაიწყეს არაარგუმენტირებული სპეკულირება, თუ რატომ გავაუქმებთ ე.წ. მწვანე პასპორტები. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც და პრაქტიკაც – ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. და რატომ? – ძალიან მარტივია, აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ… “ომიკრონის” შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს – ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება “ომიკრონი”. მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი “ფაიზერის” ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა “ომიკრონი”…
მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, “მწვანე ბარათის” გამოყენებამ”, – თქვა პრემიერმა.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთონ, რადგან “ბუსტერ” დოზას მაღალი დაცვა აქვს. მათივე თქმით, “ბუსტერ” დოზა უნდა გაკეთდეს მეორე აცრიდან სამი თვის თავზე. საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი “ბუსტერ” დოზით აცრილი არ არის, მან მეორე აცრა გასული წლის სექტემბერში გაიკეთა.
რაც შეეხება “ომიკრონით” ინფიცირებისგან დაცვას სრული ვაქცინაციის პირობებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს 86,9 %-ია.
“ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 90.6 %, 94.1% დაცვა ინტენსიურში მოხვედრაზე და სიკვდილიანობაზე – 94,3%. “ბუსტერ” დოზის გაკეთების შემთხვევაში, ეს დაცვა იზრდება 99%-მდე“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 458 093 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 577 ადამიანი.