მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა, – ამის შესახებ ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმაგოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ბრალდებულმა განმარტა, ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა, ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
„დამნაშავედ ვცნობ თავს, მაგრამ მკვლელობა განზრახული არ მქონია. მოვკალი კი, მე დავრეკე პოლიციაში და ვაღიარე, განზრახ არ მინდოდა”, – განაცხადა გზირიშვილმა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე, გადაისინჯება დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ასევე, დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, აირჩევს თუ არა, ბრალდებული გზირიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ინტერპრესნიუსი”